გურამ მაჭარაშვილი: საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მეოთხე ადგილზე იყო კონტინგენტის რაოდენობით NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის
„NATO-ს სამიტის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მხრიდან NATO-სთან თავსებადობის კუთხით ყველაფერი გაკეთებულია,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო NATO-ს სამიტზე მიწვეული იყო, როგორც წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომლის მიმართაც პრეტენზიები არ ჰქონდათ.
„საქართველო NATO-ს სამიტზე მიწვეული იყო, როგორც წარმატებული ასპირანტი ქვეყანა და იქ პრეტენზია საქართველოსთან მიმართებით, NATO-სთან თავსებადობის კუთხით არავის გააჩნდა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ყველაფერს აკეთებდნენ და აკეთებენ იმისთვის, რომ NATO-სთან საქართველოს თავდაცვისუნარიანობა თავსებადი იყოს. ქართველმა ჯარისკაცებმა ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში უმაღლესი კლასი აჩვენეს. სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს ამ სამშვიდობო მისიებს. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც NATO-ს მხრიდან ისმის გაუგებარი და ბუნდოვანი გადაწყვეტილებები საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში ჩნდება ნიჰილიზმი. 2016 წელს, როდესაც გახლდით NATO-ს შტაბ-ბინაში, დაისვა კითხვა, თუ რატომ არის ქართველ ხალხში ნიჰილისტური დამოკიდებულება NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ავხსენით, რატომაც იყო ასეთი დამოკიდებულება. როდესაც გვეუბნებიან, რომ თქვენ ხართ NATO-სთან თავსებადი, მაგრამ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანაა და გაწევრიანება არ ხერხდება, თავისთავად ჩნდება ნიჰილიზმი. მეტიც, 2008 წლის ომის შემდგომ, იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო არის რთულ მდგომარეობაში, მაგრამ ამერიკა რუსეთთან საქართველოს გულისთვის ომს ვერ დაიწყებდა. ამაზე მეტი რაღა უნდა გითხრას? ჩვენ რუსეთისგან ვართ ოკუპირებული და ეს პრობლემა გვიდგას.
NATO-ს სამიტის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მხრიდან, NATO-სთან თავსებადობის კუთხით, ყველაფერი არის გაკეთებული. ჩვენ ვართ ასპირანტი ქვეყანა, რომელიც NATO-ს წევრ ქვეყნებზე პროცენტულად მეტად მონაწილეობდა საერთაშორისო მისიებში. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მეოთხე ადგილზე იყო კონტინგენტის რაოდენობით NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მისიებში. როგორ შეიძლება NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზე მყოფ ასპირანტ ქვეყანას უთხრა, რომ შენი ბრალია, რომ დღეს NATO-ს წევრი ქვეყანა არ ხარ. ეს ხომ ცალსახად მათი გადაწყვეტილებაა. აგერ ჩვენს მოძმე სახელმწიფოს – უკრაინას უკვე ოფიციალურად უთხრეს, პრინციპში, უარი NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ისინი ვერ შევლენ კონფლიქტში რუსეთთან და ეს გასაგებიც არის ჩვენთვის.
ჩვენთვის მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რასაც 12 წელია ვახერხებთ და ასეც გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა და პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს, აუცილებლად იქნება გამოყენებული საჩვენოდ. პრაგმატული პოლიტიკაა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი საქართველოს ხელში,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.