სოზარ სუბარი: ერთ-ერთი ყველაზე მზადმყოფი ჯარი გვყავს NATO-სთან თავსებადობის კუთხით და გვეუბნებიან, რომ წყვეტენ სამხედრო სწავლებებს და წვრთნებს ჩაატარებენ სომხეთთან, რომელიც რუსეთთან ერთად კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრია

„ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინის მიღებას არც ვაპირებდითო და ტრამპმა საერთოდ თქვა, რომ მე თუ გავიმარჯვებ, საქართველოს და უკრაინის დასავლურ ინტეგრაციას გავაჩერებო. ყველაზე ცუდია, როცა გაჩერებენ ღია კარში – გეუბნებიან, კი, მიგიღებთ, მაგრამ ამით პრობლემებს გიქმნიან”, – ამის შესახებ პარტია „ხალხი ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯარი NATO-სთან ყველაზე თავსებადი შეიძლება იყოს, შეწყვიტეს სამხედრო სწავლებები, რაც სამართლიანი არ არის.

ამასთან, სუბარი ამბობს, რომ გადატრიალებისა და რევოლუციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული.

„არავინ ეუბნებოდა ფინეთს, რომ მიგიღებთო (ნეიტრალიტეტი ჰქონდა ჩაწერილი), მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა დადგა საკითხი, ისე მიიღეს, რომ რუსეთმა რაიმე რეაგირებაც კი ვერ მოასწრო. მათ რომ კეთილი ნება ჰქონოდათ, ამას ჯერ 2008-ში გააკეთებდნენ ბუქარესტის სამიტზე და შემდეგ წლების განმავლობაში, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა მისიისთვის გვამზადებდნენ და ამისთვის მზად არ ვართ და არც არასდროს ვიქნებით. ჩვენი ჯარი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მზად მყოფი ჯარია თავსებადობის თვალსაზრისით და უცებ გვეუბნებიან, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვწყვეტთ სამხედრო სწავლებებს, მაგრამ სწავლებები გვექნება სომხეთთან, რომელიც რუსეთთან, ბელორუსთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან ერთად კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრია. საქართველოში კი გადავამისამართებთ ამ თანხებს იმ ენჯეოებისკენ, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ტრენინგებს აფინანსებენო. ეს სამართლიანი ურთიერთობა არ არის, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან ურთიერთობებს და ეს დროც დადგება, როცა მსოფლიოში მშვიდობა დამყარდება. ომის დროს ყველა გიყურებს, როგორც გამოსაყენებელ მასალას.

რევოლუციური მცდელობები არის მარცხისთვის განწირული, ძალიან კანონიერ და მკაცრ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც ამას შეეცდება. თუ პარლამენტში არ შემოვა ოპოზიცია, უკეთესი იქნება პოლიტიკური სივრცისთვის, თუმცა გარწმუნებთ, პირველები შემოქანდებიან, თუმცა ხვეწნას არავინ დაიწყებს. რაც შეეხება არჩევნების შედეგების ცნობა-არ ცნობას, დარწმუნებული ვარ, დასავლელ პარტნიორებში ბევრი იქნება, ვისაც ექნება სურვილი, რომ არ ცნონ, მაგრამ ამის საშუალებას არ მისცემს ჩვენი არჩევნები, ისეთი მაღალი სტანდარტით იქნება ჩატარებული“, – განაცხადა სუბარმა.

ასევე იხილეთ