ლაშა ჟვანია: მადლობა, უბადლო გენიოსო, ეულო უიღბლო, წესიერო, ყრმასავით სუფთა სულის მატარებელო, კარგო ადამიანო და ერთგულო მეგობარო!

„თუკი კაცობრიობას ღმერთის ერთ-ერთ სინონიმად „შემოქმედი“ დაგვიდგენია, არც იმის თქმა მემკრეხელება, რომ შენ ბევრისთვის სცენის და მუსიკის ღმერთი იყავი და დარჩები ჩვენს მეხსიერებაში, როგორც სცენაზე მოარული ბობოქარი ენერგია და ვირტუოზული სრულყოფილება“, – წერს ლაშა ჟვანია ლიანა ისაკაძის შესახებ და სოციალურ ქსელში დიდი მუსიკოსის უკანასკნელი შესრულების ვიდეოს აქვეყნებს.

„გენიოსის ამ უკანასკნელ შესრულებას სამი დღეა და ახლაც, ამ სიტყვების წერისას, განუწყვეტლივ ვუსმენ… 2017 წლის მარიამობის დღეს, წმინდა პანტელეიმონის ტაძრის გუმბათქვეშ დასვენებული მეუღლის ცხედართან უკიდეგანო მოთქმის და გლოვის ამოძახილის მუსიკით ზეცამდე აღყვანილს…

განწირულად მომტირალს ვთხოვე, ვიოლინო აეღო და თამაზისთვის „ჩაკონა“ შეესრულებინა. სრულიად უმწეო, უსუსური და უიმედო ბავშვივით უსიტყვო, გულის გამაპობელი ქვითინი შეწყვიტა, სასვენთან მივიდა და…

ვინც ბოლომდე მოუსმენთ – დასასრულს ამბობს: „ვსიო“ (დასრულდა), იცინის და ზურგს გვაქცევს. ეს მინიშნება იყო, რომ ჩვენი თანამედროვეობის ბუმბერაზი დიდ სცენას და მისი შემოქმედების მოყვარულთა დიდ არმიას ემშვიდობებოდა და ღვთისაგან ჯერ არ გამწესებულმა, მარადისობასთან უფრო ადრე შერწყმის სურვილით, მატერიალური სამყაროს წინაშე საკუთარი დიდი სცენის ფარდა ჩამოიფარა.

ერთხელ, ვახშმისას, სიჩუმე ხანგრძლივად გავანებივრეთ და აღმოხდა: „დედა, რა კარგი იყო ეს! როგორ ვერიდებით და გვეუხერხულება სიჩუმე. მაშინ, როცა ამ დროს ყველაზე კარგად ხდება ადამიანებს შორის ენერგეტიკის გაცვლა და ურთიერთგაგება“… ამიტომ, აქ შევჩერდები – დამტირებლის გარეშე დარჩენილ, საკაცობრიო მნიშვნელობის ვირტუოზთან მრავალმეტყველებით გამომშვიდობებას მისივე შესრულებული მუსიკის მოსმენა სჯობს.

თუკი კაცობრიობას ღმერთის ერთ-ერთ სინონიმად „შემოქმედი“ დაგვიდგენია, არც იმის თქმა მემკრეხელება, რომ შენ ბევრისთვის სცენის და მუსიკის ღმერთი იყავი და დარჩები ჩვენს მეხსიერებაში, როგორც სცენაზე მოარული ბობოქარი ენერგია და ვირტუოზული სრულყოფილება.

მადლობა, უბადლო გენიოსო, ეულო უიღბლო, წესიერო, ყრმასავით სუფთა სულის მატარებელო, კარგო ადამიანო და ერთგულო მეგობარო! მჯერა, შენს მიერ წმინდა პანტელეიმონის გუმბათში ღვთიური ნიჭით აშვებული ბგერათა წყობა დღეს დილით შენს ნაწამებ ცხედარს უკან დაებერტყება და შენს სპეტაკ სულს მარადისობაში სალბუნად გაჰყვება! მშვიდობით!

სიჩუმეში მოუსმინეთ… ბოლომდე… დალოცვაც მიაყოლეთ დიდი ლიანას სულს!“ – წერს ლაშა ჟვანია.

 

ასევე იხილეთ