გიორგი ახალაურმა ხუთივე შეხვედრა იპონით მოიგო
უნგრეთის ქალაქ დებრენცენში უნივერსიტეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. საქართველოს ძიუდოში პირველ დღეს სამი სპორტსმენი წარმოადგენდა: გიორგი ჩანქსელიანი(-60კგ), გურამ გასიტაშვილი(-66კგ) და გიორგი ახალაური (-73კგ).
გიორგი ახალაურმა ოქროს მედალი მოიგო. მან ხუთივე ბრძოლაში იპონით გაიმარჯვა. მას პირველ სამ ეტაპზე გერმანელი ძიუდოისტები შეხვდნენ. ახალაურმა შიფლერს, ბენტგეროდტსა და რაიმერს მარტივად აჯობა. ქართველ ძიუდოისტს ნახევარფინალში შვეიცარიელი ფიშერი დაუპირისპირდა, გიორგიმ მას წუთსა და 12 წამში აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველ ძიუდოისტს ფინალში უმძიმესი შეხვედრა ჰქონდა. ფრანგ ნოტბარტთან ორი შიდო მიიღო, თუმცა წუთითა და 5 წამით ადრე, მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც ფრანგი იპონით დაამარცხა. სამწუხაროდ, გიორგი ჩანქსელიანმა (-60კგ) და გურამ გასიტაშვილი(-66კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრები დათმეს. საქართველოს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ოქროს მედალი აქვს, რომელიც გიორგი ახალაურმა მოიგო.