ინგლისის ფეხბურთელი დეკლან რაისი: თუ მოვიგებთ, უნდა დავლიო! ცხოვრებაში პირველად
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველისთვის ალკოჰოლი ძალიან უცხოა, მაგრამ თუ ევროს ფინალს მოიგებს, პირველად აპირებს დალევას.
დეკლან რაისმა განაცხადა, რომ თუ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალს მოიგებს, ლუდს დალევს.
ერთი შეხედვით, ამ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ეს რაისისთვის ცხოვრებაში პირველი ლუდი იქნება! რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, მას ლუდი აქამდე ნორმალურად არ დაულევია.
რაისმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპის წინა ჩემპიონატის ფინალამდე ნათქვამი გაახსენეს. მან მაშინაც თქვა, რომ ფინალის მოგების შემთხვევაში ლუდს დალევდა, მაგრამ ინგლისელები მაშინ იტალიის ნაკრებთან დამარცხდნენ.
„ვიცი, რაც ვთქვი მაშინდელი ფინალის შემდეგ. მას შემდეგ ერთხელ დავლიე, ძალიან ცოტა და ისიც ლიმონათში შერეული ლუდი. შესაბამისად, ეს არც ითვლება. თუ ახლა მოვიგებთ, ნამდვილ, სუფთა ლუდს დავლევ. ოღონდ, მომიწევს, რომ დალევის დროს ცხვირზე თითები მოვიჭირო, რადგან ლუდის სუნს ვერ ვიტან”, – თქვა რაისმა.
25 წლის ნახევარმცველმა მომავალი ფინალის შესახებ სერიოზულადაც ისაუბრა:
„მთელი ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება ის მომენტი, როცა იტალიელებმა თასი აღმართეს, ჩვენ კი დამარცხებულები ვიდექით. ახლა გვაქვს მორიგი შანსი, რომ ჩვენი ისტორია დავწეროთ. ძალიან გვინდა ამ ფინალის მოგება. არა მხოლოდ ჩვენთვის ან ხალხისთვის, არამედ მწვრთნელისთვისაც. ვფიქრობ, გარეთ საუთგეიტმა ეს დაიმსახურა”.