ირაკლი ზარქუა საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა, ინტერესების გათვალისწინება და არა ვასალური დამოკიდებულება
„ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საქართველოს ბიუჯეტისთვის საფრანგეთიდან პირდაპირი დახმარების დროებითი შეჩერების შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.
„ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, რომელსაც უნდა პატივისცემა, ინტერესების გათვალისწინება და არა ვასალური დამოკიდებულება. ამას არ გავატარებთ, არ გავუტარებთ და მომავალშიც ასე ივლის საქართველო”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს მთავრობა განმარტავს, რომ საქართველო საფრანგეთისაგან პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას არ იღებს. რა იგულისხმა ელჩმა, მას არ დაუზუსტებია.
საფრანგეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს და დიპლომატის განცხადება გაუგებარია.