პენტაგონის ხელმძღვანელსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის მეორე სატელეფონო საუბარი შედგა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვთან მეორე სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.
სინგის თქმით, ოსტინსა და ბელოუსოვს შორის საუბარი 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ შედგა.
„თავდაცვის მდივანმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების მნიშვნელობას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე“, – განაცხადა საბრინა სინგმა.
მოგვიანებით პენტაგონის სპიკერმა განმარტა, რომ ზარი „რუსული მხარის მიერ იყო ინიცირებული“.
ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი მიმდინარე წლის 25 ივნისს შედგა. მანამდე პენტაგონის ხელმძღვანელსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს (იმ დროს – სერგეი შოიგუს) შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2023 წლის მარტში შედგა.