„ნიუ იორკ თაიმსი“: ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო რბოლაში თუ დარჩება, უმსხვილესი დემოკრატი დონორები მისი საარჩევნო კამპანიისთვის 90 მილიონი დოლარის ოდენობით შემოწირულობის გაყინვას გეგმავენ
ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო რბოლაში თუ დარჩება, უმსხვილესი დემოკრატი დონორები 90 მილიონი დოლარის ოდენობით შემოწირულობის გაყინვას გეგმავენ, – ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება.
გამოცემის ცნობით, როგორც დონორებმა პოლიტიკურ ქმედებათა კომიტეტ Future Forward-ს აცნობეს, ისინი შეაჩერებენ შენატანებს. აღნიშნული კომიტეტი ბაიდენის წინასაარჩევნო შტაბმა ჯერ კიდევ კამპანიის დაწყებისას პრეზიდენტობის კანდიდატის მთავარ მხარდამჭერ კომიტეტად დაასახელა. გამოცემის წყაროს ცნობით, არ საჯაროვდება იმ კონკრეტულ დონორთა ვინაობა, ვინც რვაციფრიანი დაპირებული ჩეკების გამოწერაზე უარი თქვეს.
ამ ეტაპისთვის კომიტეტს 250 მილიონი დოლარი აქვს მობილიზებული სატელევიზიო და ციფრული რეკლამისთვის, რომლის გაშვებაც დემოკრატიული პარტიის ყრილობის შემდეგ იგეგმება, სადაც პარტიამ ჯერ პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი ოფიციალურად უნდა დაასახელოს.