დონორის მხარდაჭერით, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის ცენტრს სამსახურებრივი ძაღლები შეემატნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ახალი ოთხფეხა მცველები – ბელგიური ნაგაზის ჯიშის ძაღლები – „დუგო“, „სონია“, „კაოსი“ და „დექსტრა“ შეემატნენ.

თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის დახმარებით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენისთვის გაწვრთნილი 4 სამსახურებრივი  ძაღლი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა თურქული კომპანია „FlyDog“-სგან შეიძინა https://flydogturkey.com/

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სამსახურებრივი ძაღლები საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში იქნა შეძენილი. პროექტის დონორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია – Vital Strategies, ხოლო საგრანტო პროექტს სახელწოდებით – „საგადასახადო და სატარიფო ზომების და უკანონო ვაჭრობასთან მიმართებით რეაგირების პოლიტიკის გაძლიერება საქართველოში“ ახორციელებს სსიპ ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. პროექტის მიზანია WHO-ს თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციით (FCTC) განსაზღვრული ამოცანების მიღწევა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ეტაპობრივად შეამცირებს თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელს და მეორადი მოწევის მავნე გავლენას. გამომდინარე იქედან, რომ პროექტის ერთ-ერთ ამოცანას ქვეყანაში თამბაქოს უკანონო ვაჭრობის კონტროლზე პასუხისმგებელი უწყების, შემოსავლების სამსახურის ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განსაზღვრულია პროექტის   „თანაგანმახორციელებლად“

სამსახურებრივი ძაღლების შერჩევის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის სამმართველოს მთავარი კინოლოგ-ინსტრუქტორი, უფროსი სერჟანტი რომან ნიკურაძე და ამავე სამმართველოს უფროსი კინოლოგ-ინსტრუქტორი, ლეიტენანტი  სანდრო ხუციშვილი.

აღნიშნული პირების მონაწილეობით, უწყებისთვის სასურველი ძაღლების შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართა, რომლის ფარგლებში შემოწმდა ძაღლების სამძებრო თვისებები და მათი  სოციალიზაციის დონე  ქალაქის ხალხმრავალ-ხმაურიან ადგილებში. შერჩეულმა ოთხფეხა მცველებმა გამოიჩინეს კარგად განვითარებული სამძებრო თვისებები.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრი („FlyDog“) მდებარეობს სტამბოლში, რომელიც სპეციალიზებულია სამუშაო ძაღლების გაწვრთნა/სწავლებაზე.  კომპანია სამსახურებრივ ძაღლებს აწვდის თურქეთის რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს, სამაშველო და საბაჟო სამსახურს, ასევე სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს და ისეთ საერთაშორისო კომპანიებს როგორებიცაა: „Fedex“, „DHL“ და სხვა.

საბაჟო ადმინისტრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამართალდარღვევების/ინციდენტების პრევენცია და მათზე ეფექტური რეაგირების მექანიზმების არსებობა. კინოლოგიის სამსახური, რომელიც უწყებაში 2014 წელს ჩამოყალიბდა შექმნის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან, რათა სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარებით მოხდეს მაქსიმალურად ეფექტური კინოლოგ-ოფიცერთაგუნდის შექმნა და კინოლოგიური მომსახურების ინსტიტუციური განვითარება.

დღეის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრში ჰყავთ  უნიკალური თვისებების მქონე სამსახურებრივი ძაღლი, რომელიც გაწვრთნილია თამბაქოს ნაწარმის ძებნა/აღმოჩენაზე. მხოლოდ „ნელას“ დახმარებით,  2024 წლის I კვარტალის მონაცემებით, სხვადასხვა სახის სპეციალურად მოწყობილ სამალავებში აღმოჩენილი იქნა  27,800 ღერი კონტრაბანდული სიგარეტი.  ახლა კი, მას 4 ახალი მეგობარი ეყოლება, რომლებიც საქართველოს მასშტაბით, კონტრაბანდის მაღალი რისკის (თამბაქოს ნაწარმის)  მქონე საბაჟო კონტროლის ზონებში გადანაწილდებიან.

ასევე იხილეთ