ლევან დავითაშვილი: „მთის დღეები“ მთის კულტურის და შესაძლებლობების პოპულარიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა
„წლებია, ყოველ ივლისს საქართველოში „მთის დღეები“ ტარდება, რაც მთის კულტურის და მთის შესაძლებლობების პოპულარიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა. ამ პერიოდში როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრები მთებს სტუმრობენ. საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილია მთიანი რეგიონებია და ამ უნიკალური კულტურის აღმოჩენა, აქაური ტრადიციების გაცნობა, ვფიქრობ, მთის პოპულარიზაციას ძალიან უწყობს ხელს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც თუშეთში „მთის დღეები 2024“-ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთა არის განსაკუთრებული და ერთერთი განსაკუთრებული მიმზიდველობა, რაც საქართველოს გააჩნია, ქვეყნის მთიანი რეგიონების უნიკალური ტრადიციები და კულტურაა, რომელთა გაცნობისთვისაც დღის დღეები კარგი შესაძლებლობაა. ამიტომ, მისი თქმით, ეს ტრადიცია გაგრძელდება ტურიზმის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს. ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი საქართველოს უნიკალურ ბუნებაზე, რომელიც ძირითადად დაცულ ტერიტორიებშია მოქცეული. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რეგიონებში ეკოტურისტული სერვისებისა და შესაძლელობების პოპულარიზაცია, რისი გაცნობის შესაძლებლობასაც მთის დღეები იძლევა.
„მთის დღეების“ ფარგლებში, თუშეთში ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისეთ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, როგორიცაა ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და შემეცნებითი გასართობი თამაშები და შეჯიბრებები, ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვ. თუშეთის გარდა, მთის დღეები სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც გაიმართება.