გიორგი გაბუნია: ჩვენმა ხელისუფლებამ გამოიჩინა მტკიცე, პრინციპული პოზიცია და ჩვენ, პრაქტიკულად, ნეიტრალური ქვეყნის როლი მოვირგეთ, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი

“ყურადღებით გავეცანი ახალი ორგანიზაციის განცხადებას, საინტერესო აქცენტებია გაკეთებული. ბუნებრივია, ნეიტრალიტეტის თემა ძალიან სერიოზული საკითხია, სტრატეგიული საკითხია ჩვენი სახელმწიფოსთვის და საჭიროებს ფართო საზოგადოებრივ განსჯას”, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ დამფუძნებელმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი გახლავთ ევროატლანტიკური კურსი და ასე ვთქვათ, ევროატლანტიკური კურსის თაობაზე ჩვენს კონსტიტუციაში გაკეთდა კიდეც ჩანაწერი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველო მოელის, რომ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. თუმცა თეორიული დაშვების დონეზე ჩვენ მაინც შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე გავაკეთოთ აქცენტი.

კერძოდ, ის, რომ სახელმწიფოს სამართლებრივ დონეზე ნეიტრალურ სტატუსზე აუცილებელია, გლობალური შეთანხმება მოხდეს. ანუ, ეს არის გლობალური შეთანხმების საკითხი. მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური სურვილი, რომ ჩვენ გავხდეთ ნეიტრალური სახელმწიფო, ბუნებრივია, ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული.

თუმცა, აქვე მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება, როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო და რუსეთმა განახორციელა უკრაინაში აგრესიული შეჭრა, ჩვენმა სახელმწიფომ მოახერხა და ანახა ნეიტრალური ქვეყნის ხასიათი. გამოავლინა მაქსიმალური თავშეკავება უკრაინის კონფლიქტში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან დაძალება, ძალიან დიდი ზეწოლა იმის, რომ, მაგალითად, ჩვენი ქვეყნიდან ჯარისკაცები გაფრენილიყვნენ, მომხდარიყო იარაღით და სხვადასხვა საშუალებებით უკრაინის დახმარება. ასევე, შევერთებოდით სანქციებს, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოიჩინა მტკიცე, პრინციპული პოზიცია და ჩვენ, პრაქტიკულად, ნეიტრალური ქვეყნის როლი მოვირგეთ ამ სიტუაციაში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან გონივრული და მე ვიტყოდი ასევე, ბრძნული გადაწყვეტილება. ამის შედეგები კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება მაშინ, როდესაც ადრე თუ გვიან დასრულდება ეს კონფლიქტი და გახდება ისტორიის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების ეს ბალანსის პოლიტიკა, ეს ლავირების პოლიტიკა, შეფასდება, როგორც გამარჯვება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ასევე იხილეთ