გიორგი სოსიაშვილი: მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ქვეყანაში არსებობდეს გამჭვირვალობის კანონი
“პრემიერის, ასე ვთქვათ, ნათქვამი, რომ ჩვენს შორის გადატვირთვა უნდა იყოს, მე ამას მივესალმები ცხადია. აშშ იყო, არის და იქნება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ არასდროს გადაგვიხვევია ჩვენი კურსისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კურსი კონსტიტუციაშია გაცხადებული.
„ამ პატარა, ნაომარმა ქვეყანამ 2008 წლის შემდეგ მოახერხა, რომ უამრავი ნაბიჯი გადაედგა ამ მიმართულებით. ყველა მათგანს ვერ ჩამოვთვლი ცხადია, რამდენიმე მათგანის დასახელებაც საკმარისია, რომ ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის, თუ რა შეძლო ამ პატარა ქვეყანამ მოკლე დროში. ეს არის ვიზალიბერალიზაცია, ეს არის ასოცირების ხელშეკრულების დადება და ეს არის, რაც ყველაზე მთავარია, კანდიდატის სტატუსის მონიჭება.
ქვეყანას გაცხადებული აქვს თავის კონსტიტუციაში ურყევი პოზიცია, ურყევი ნება, ეს მომდინარეობს საზოგადოების, ქართველი ხალხის დაკვეთით და ამის აღმსრულებელი არის ხელისუფლება, როგორ შეიძლება ახლა ჩვენ, რომ ამ პროცესში დავინახოთ, თითქოს არ ვასრულებთ ვალდებულებას და დავინახოთ, რომ რაღაც მეგობრობის აქტი დაიდო და გარკვეული პროექტი შეჩერდა. ჩემი აზრით, ეს არის მიუღებელი იმიტომ, რომ არ შეიძლება, ჩემი აზრით, შენს პარტნიორს ელაპარაკო ასეთი ტონით, ასეთი მუქარით.
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული, 3 ათას წლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანა და ხომ წარმოგიდგენიათ, ერთი პატარა სახელმწიფო ვართ კავკასიაში, რომელმაც ძალიან ბევრ ტურბულენტურ რყევებს გაუძლო, 21-ე საუკუნემდე მოაღწია და გადავდგით ნაბიჯები, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად აგვერჩია ამერიკის შეერთებული შტატები. ამ კურსისთვის ჩვენ არ გვიღალატია. მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ ქვეყანაში არსებობდეს გამჭვირვალობის კანონი და აქ წამოსული ნებისმიერი დონორი ორგანიზაციის დაფინანსება იყოს ღია და ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის“, – აღნიშნა მან.