ირაკლი რუხაძე: მე ასე წავიკითხე ევროკავშირის ელჩის განცხადება – „დიდი იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ წააგებს და მოვა სხვა მთავრობა“ – ამას ამბობს ელჩი, რომელიც ერთ-ერთი დამკვირვებელია საარჩევნო პროცესის
„ბოლო დროს მოვისმინე რამდენიმე ელჩის განცხადება. თითქოს ნიღაბი მოიხსნეს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მესმის ევროკავშირის ელჩის განცხადება”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მან საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეაფასა.
„მე მოვედი აქ იმიტომ, რომ ვარ ძალიან შეშფოთებული იმით, რაც ხდება საქართველოში. მე ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. ბევრჯერ მითქვამს, რომ ვარ ამერიკის მოქალაქე, არ ვარ საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ეს ჩემი ქვეყანაა. აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ ვცხოვრობ და ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რაც ხდება.
ბოლო დროს მოვისმინე რამდენიმე ელჩის განცხადება. თითქოს ნიღაბი მოიხსნეს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მესმის ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ჩვენ რაღაც ფული გვქონდა, საქართველოს კეთილდღეობისთვის, თუ არ ვცდები ქართული ჯარისთვის, ახლა ქართულ ჯარს არ მივცემ ფულს, რაც თავისთავად ცუდია დღეს, როდესაც რთულ სიტუაციაში ვცხოვრობთ და რამდენი ომი გვაქვს გარშემო – უკრაინა, ისრაელი, მაგრამ მოდი, ამას კი არ მივცემ ფულს, მივცემ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, ეჭვი მაქვს, რომ შენ არ გიპირებენ, რომ ფული მოგცენ, თუმცა საინტერესოა, მაინც უნდა მოვითხოვოთ“, – მიმართა რუხაძემ „იმედის კვირის“ წამყვანს.
თავის მხრივ ინტერვიუს დროს, ირაკლი ჩიხლაძემ განაცხადა, რომ დაინტერესდნენ და ევროკავშირის წარმომადგენლობას წერილითაც მიმართეს, თუ რომელი მედიასაშუალებები დაფინანსდებიან, მათ შორის იქნება თუ არა „იმედიც“ და ასევე, თანხა იქნება თუ არა გრანტის სახით გამოყოფილი, თუმცა ჩიხლაძემ დასძინა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ტელეკომპანიას ამ დრომდე არ მიუღია.
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ერთად, პოლიტიკური მოვლენების ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან.
„ბოლო წლის განმავლობაში არეულობები რაც გამოვიარეთ, ორივენი ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ – ოპოზიციური მედიაც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. პოლიტიკურ პროცესებში ჩვენც ვართ ჩარეული – მე არ ვამბობ, რომ „იმედი“ არ არის. გავიმეორებ, რომ ყველა ტელევიზია საქართველოში არის წამგებიანი. 20 წელია, რაც ამ მედიაბიზნესში ვარ და რამდენადაც ვიცი, ყველა ტელევიზია არის წამგებიანი. მგონი, ჩვენ ერთხელ 0-ზე გავედით, რაც ნიშნავს, რომ ყველანი აქ ვართ სხვა მიზეზის გამო. ყოველ შემთხვევაში, ეს ბიზნესი არ არის და თუ ბიზნესი არ არის, ვართ პოლიტიკაში. „იმედიც პოლიტიკაშია, მაგრამ რაც მთავარია, ასევე არიან პოლიტიკაში ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები, რომელთაც ახლა ევროკავშირი ფულს მისცემს, ასევე – არასამთავრობოებს, რომლებიც მოითხოვენ მთავრობის გადადგომას. (არასამთავრობოები) ასევე არიან პოლიტიკაში გარეული, მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და არიან უშუალო მონაწილეები იმ არეულობის, რომელიც ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვიხილეთ. ახლა ამ ფულს მისცემენ მათ.
კიდევ ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ ბატონმა ელჩმა დაამთავრა იმით, რომ დიდი იმედი მაქვს, არჩევნები რომ დასრულდება, საქართველო მოტრიალდება და გააგრძელებს ევროპისკენ სვლასო. ანუ, როგორც მე წავიკითხე და ყველამ, დიდი იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ წააგებს, მოვა სხვა მთავრობა და მერე რაღაც სხვა მოხდება ამ ქვეყანაში. ამას ამბობს ელჩი, რომელიც ერთ-ერთი დამკვირვებელია ამ საარჩევნო პროცესის.
იგივე შემიძლია ვთქვა IRI-ზე, რომელმაც ქარტიის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეკრიბა. პრეზიდენტმა ქარტია გამოაცხადა და მესამე დღეს ამ ხალხმა რაღაცას ხელი მოაწერა, რომელთაც ცხოვრებაში არაფერზე ერთად ხელი არ მოუწერიათ, შარლ მიშელის დოკუმენტზეც კი. IRI-ის შეხვედრის შემდეგ, ვერ დავაკავშირებთ, თუმცა ძალიან საეჭვოა. უცებ მათ რაღაც ქარტიას მოაწერეს ხელი. ქარტია იწყება იმით, რომ ამ ხალხს დაკარგული აქვს ნდობა და ამას მაინც მოაწერეს ხელი. ანუ, ნდობადაკარგული ვარო, ფაქტობრივად, პრეზიდენტს ამაზე დაეთანხმნენ. პრეზიდენტის სიტყვა რომ ნახოთ, მაგით იწყება – ამ პოლიტიკოსებს ნდობა დაკარგული აქვთ, ამიტომ მე უნდა მოვიდეო. საერთოდ არჩევნებს კი არ ვატარებთ, ვიღაცას კი არ ვირჩევთო, ანუ არჩევნები საერთოდ გააქარწყლეს. ეს არისო რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე. ანუ, თურმე, ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობა არჩევნებზე იმიტომ მიდის, იმიტომ უნდა წაიყვანო, რაღაც კი არ უნდა აირჩიონ, საქართველოს შემდეგი 4 წლის მომავალს კი არ ვირჩევთ, როგორც ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული, არამედ არავის ვირჩევთ – რაღაც რეფერენდუმია საქართველოს მომავალზე. ეს არის ძალიან შემაშინებელი ფაქტი“, – განაცხადა რუხაძემ.