ირაკლი ჩიქოვანი: მთავრობას აქვს 2030 წლამდე გაწერილი კონკრეტული გეგმა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს საქართველოს თავდაცვის ძალებს და ჩვენ ამ გეგმის შესრულებას მოვახმართ ყველა რესურსს, მათ შორის საბიუჯეტოს

„მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს საქართველოს თავდაცვის ძალებს და ეს გეგმა გაწერილია 2030 წლამდე”, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა რესურსი, რომელიც არის ხელმისაწვდომი მათთვის, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე პარტნიორი სახელმწიფოების დახმარების თვალსაზრისით, ითვალისწინებდა ამ გეგმის კონკრეტული საკითხების, კონკრეტული მიმართულებების უზრუნველყოფას.

„ჩვენ ამ გეგმის შესრულებას გავაგრძელებთ. იქნება რესურსები, რომლებსაც გვაწვდიან ჩვენი პარტნიორები თუ არა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მოვახმართ ყველა რესურსს, მათ შორის საბიუჯეტოს, ასევე საერთაშორისოს.

ევროპის სამშვიდობო ფონდის რესურსები მიმართული იყო კონკრეტულ ძალთა სახეობის მხარდასაჭერად, ძირითადად, საინჟინრო მიმართულებით, ასევე მხარს უჭერდა ჩვენს სხვა ქვედანაყოფებს, მაგრამ შესაძლებლობები და ტექნიკა, რომელსაც ჩვენ შევიძენდით, იყო არალეტალური ხასიათის.

ყოველი წვრთნა და მათ შორის საერთაშორისო წვრთნებიც, ისეთი, როგორიც არის „ღირსეული პარტნიორი 2024“, მიმართულია საქართველოს თავდაცვის ძალების და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ასამაღლებლად. ჩვენს თავდაცვის სამინისტროს და აშშ –ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და განცხადებაც, რომელიც თქვენ ნახეთ, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში არაფერი ცვლილება არ არის და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ასევე იხილეთ