ბაიდენმა დაგმო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამგვარი ძალადობის ადგილი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაგმო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ამგვარი ძალადობის ადგილი არ არის.
„ამერიკაში არ არის ადგილი ამგვარი ძალადობისთვის ან რაიმე ძალადობისთვის. მკვლელობის მცდელობა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ, როგორც ერი, ვუჭერთ მხარს. ეს არ არის ის, ვინც ჩვენ ვართ, როგორც ერი. ეს არ არის ამერიკა. და ჩვენ ვერ დავუშვებთ ამას. ახლა არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ერთიანობა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.