კოჯორში „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში პროექტი – „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს. საზაფხულო ბანაკი მორიგ ნაკადს მასპინძლობს. კოჯორში იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებიც.
ეროვნული გმირების სახელობის ოცეულებში გადანაწილებულ მოსწავლეებს დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. გუნდური შეჯიბრებები ტარდება იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატური იარაღით მიზანში სროლასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, თვითგადარჩენას, საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, სამხედრო ნავიგაციასა და სხვა დისციპლინებს.
პროექტი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.