არჩილ თალაკვაძე: ტრადიციულად გუნდი განახლდება, მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც თავის ადგილს ხედავს, ვისაც წვლილი აქვს ჩვენს გუნდში, სურვილის შემთხვევაში, დარჩება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში
“ტრადიციულად გუნდი განახლდება, მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც თავის ადგილს ხედავს, ვისაც წვლილი აქვს, თავისი დამსახურება და პოლიტიკური გამოცდილება აქვს ჩვენს გუნდში, სურვილის შემთხვევაში, დარჩება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ გვყავს გამოცდილი, ძლიერი, ერთიანი გუნდი, როგორც არასოდეს და მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ რთული ბრძოლის შემდეგ, რომელიც გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ჩვენთან ერთად. ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, განათლების სფეროში რეფორმები, დედაქალაქის მოდერნიზაცია – ყველა ამ მიმართულებით შეგვიძლია ჩვენ, რომ ვაჩვენოთ მოქალაქეებს რა გაკეთდა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის იქნება მომავალი, რომ მოქალაქეებს ვუთხრათ, რა მოხდება მომავალში. რა გაკეთდება ქვეყნის მასშტაბით, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა მოხდება მათ ქალაქებსა და სოფლებში, როგორ შეიცვლება საცხოვრებელი პირობები, სოციალური დაცვის სისტემა თუ სხვა. ჩვენ კამპანიის განმავლობაში საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ მოქალაქეებს.
გვქონდა დიდი წარმატებებიც, დიდი სიხარულიც სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით სპორტში. მინდა, ასევე, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ოლიმპიელებს. დღეს პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლებამ ოფიციალური ცერემონია გამართა და მათ წარმატებები უსურვა. მეც მინდა შევუერთდე ამ დიდ მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საქართველოს ახალ გამარჯვებას მოუტანენ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.