გია აბაშიძე: საქართველოში, რომელსაც უნამუსოდ ადანაშაულებენ დემოკრატიის უკუქცევაში, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით საგრძნობი პროგრესია – გამოდის, რომ საერთაშორისო რეიტინგები ან „ჩაწყობილია“, ან „გლობალური ომის პარტია“ მწარედ იტყუება

„საქართველოში, რომელსაც უნამუსოდ ადანაშაულებენ დემოკრატიის უკუქცევაში, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით საგრძნობი პროგრესია“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

ანალიტიკოსის თქმით, ზემოთ ხსენებული შედეგით გამოდის, რომ საერთაშორისო რეიტინგები ან „ჩაწყობილია“, ან „გლობალური ომის პარტია“ მწარედ იტყუება. მანვე აღნიშნა, რომ უფრო მეორე ვარიანტია რეალობა და არაერთი საერთაშორისო შეფასებით, საქართველო საკმაოდ წინ არის წასული.

„საქართველოში, რომელსაც უნამუსოდ ადანაშაულებენ დემოკრატიის უკუქცევაში, სამოქალაქო თავისუფლების კუთხით საგრძნობი პროგრესია. გამოდის, რომ საერთაშორისო რეიტინგები ან „ჩაწყობილია“, ან „გლობალური ომის პარტია“ მწარედ იტყუება. უფრო მეორე ვარიანტია რეალობა. თანაც, არაერთი საერთაშორისო შეფასებით, ჩვენი ქვეყანა საკმაოდ წინ არის წასული.

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული სამოქალაქო თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 86,9% მიიღო და 2012 წლის შემდეგ შეფასების 11-წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო სამოქალაქო თავისუფლების დაუცველობით ევროპის ყველაზე არაკეთილსაიმედო ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად. ჩვენს ქვეყანას მაშინ მსოფლიოში 97-ე პოზიცია ეკავა, 2012 წლის შემდეგ კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 41 (!) ადგილით დაწინაურდა.

2023 წლის შედეგებით, საქართველო სამოქალაქო თავისუფლების რეიტინგში უსწრებს ნატო-ს და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს და განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: პოლონეთს, უნგრეთს, ისრაელს, სინგაპურს, თურქეთს და ყველა მეზობელ ქვეყანას.

„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.

მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.

პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები“ და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე იხილეთ