გერმანია რუსეთის მიერ კიევში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანიის ეკონომიკის თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, 10 მილიონი ევრო გადაურიცხოს უკრაინის მთავრობას რუსეთის მიერ კიევში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ გერმანიის ეკონომიკის მინისტრზე სვენია შულცეზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული თანხა სხვა ქვეყნებისა და დონორების მიერ გაწეულ დახმარებასთან ერთად საავადმყოფოს აღდგენაზე და მისი ზამთრისთვის მომზადებაზე დაიხარჯება. მოხდება საავადმყოფოს რემონტი და მისი ფასადის ტექნიკურად მოპირკეთება, სამკურნალო ოთახებს რეაბილიტაცია.

„ბავშვთა საავადმყოფოს განადგურება მიუთითებს იმაზე, თუ რა უმოწყალო და არაჰუმანურ ომს აწარმოებს რუსეთი. ჩვენ არ და ვერ შევეგუებით იმას, რომ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უკრაინაში საავადმყოფო არ ექნებათ. ჩვენ უკრაინის მთავრობას საავადმყოფოს რეკონსტრუქციის საქმეში მხარდაჭერა შევთავაზეთ“, – ციტირებს „ევროპეისკაია პრავდა“ გერმანიის ეკონომიკის მინისტრს.

რუსეთმა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე იერიში 8 ივლისს მიიტანა. უკანასკნელი ინფორმაციით, თავდასხმას 37 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 3 ბავშვია. 170 ადამიანი კი დაშავდა.

ასევე იხილეთ