ზაალ მიქელაძე „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ გასამართლებაზე: ეს გადაწყვეტილება ჯერ მოქალაქეებმა არჩევნებზე უნდა მიიღონ, რის შემდეგაც საქმე მართლმსაჯულების სისტემაში გადაინაცვლებს
„ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გასამართლებაზე სასამართლო იმსჯელებს, გადაწყვეტილება მოქალაქეებმა არჩევნებზე უნდა მიიღონ.
მიქელაძე დარწმუნებულია, რომ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასამართლოს გზით უნდა მოხდეს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების და ლიდერების, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გასამართლება და თვალსაჩინო უნდა გახდეს, რომ ეს პარტია თავისი საქმიანობით წლების განმავლობაში ორიენტირებული იყო ქვეყნის უკუსვლაზე.
„ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს დავაანონსეთ, ამის შესახებ [„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლება], თუმცა, აბსოლუტურად მართალია პარტიის თავმჯდომარე, როცა ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ უნდა დავიწყოთ ამ თემაზე აქტიური განხილვები, რათა სასამართლომდე ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებმა მიიღონ. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, თუმცა, თუ დარჩებიან ერთეული ადამიანები, რომლებამდეც ვერ მივიტანთ ამ სიმართლეს, ამისთვის არსებობს სასამართლო. სასამართლოს გზით უნდა მოხდეს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების და ლიდერების, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება და მხილება იმის, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა ეს იდეოლოგია სახელმწიფოს განვითარებას და როგორ იყო ის მოწადინებული, დაენგრია ქვეყანა,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.