ოთარ შამუგია ატმის მოსავლის ჩაბარების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდა, სადაც, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან ერთად, ატმის მოსავლის დაბინავების პროცესს ადგილზე გაეცნო.
„აქტიურად მიმდინარეობს ატმის მოსავლის დაბინავება-რეალიზაცია. წელს კარგი მოსავალი გვაქვს როგორც რაოდენობით, ასევე ხარისხით. დაახლოებით 12 000 ტონა პროდუქციის ექსპორტი უკვე განხორციელებულია და პროცესი აქტიურ ფაზაშია. ვფიქრობ, წლევანდელი წელი ჩვენი ფერმერებისთვის წარმატებული იქნება. ატმის რეალიზაცია წლების წინ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. პროექტი, რომელიც ატმის მიმართულებით სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხარდაჭერით განხორციელდა, არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ასეთ გამოწვევებთან გამკლავება; დარგი გახდა წარმატებული და ფერმერებისთვის შემოსავლიანი. წელს, ვფიქრობ, კიდევ უფრო უკეთესი შემოსავლები გვექნება. საექსპორტო კუთხით ფასი გაზრდილია, დაახლოებით, 5-6%-ით; ფერმერები და, შესაბამისად, ქვეყანაც მიიღებს მეტ სარგებელს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, დღეს არსებული შემნახველი მეურნეობები იძლევა შესაძლებლობას, რომ პროდუქცია შენახული იყოს თანამდეროვე სტანდარტებით და შემდგომ ექსპორტზე გაგზავნილი. ატმის წლევანდელი მოსავლით ფერმერები კმაყოფილები არიან, მოსავალი კარგია, რომლის დაბინავების პროცესი, სახელმწიფოს ხელშეწყობით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ხელისუფლების პრიორიტეტია ფერმერს დაუბინავებელი პროდუქცია არ დარჩეს, რაშიც სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კომპანია „გოლდ კახეთი“ სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 600 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, სახელმწიფო თანადაფინანსება 160 000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 200 000 ლარს შეადგენს.
სამაცივრე მეურნეობაში, სადაც 300 ტონა ატმისა და ვაშლატამას დასაწყობებაა შესაძლებელი, სეზონურად 100, ხოლო მუდმივად 5 ადგილობრივია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, კახეთის რეგიონში, ატმის მიღების პროცესში, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი 40-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობაა ჩართული.