რატი იონათამიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ფურცლებზე ყოველწლიურად ხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოში ბიზნესის დევნა რეკეტის დონეზე რომ იყო აყვანილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 15 წლის გასვლის შემდეგაც ასეთ ანგარიშში „ნაციონალური მოძრაობის“ მოხვედრა, ერთგვარი განაჩენია.
„ამ ანგარიშში მნიშვნელოვანია, რომ დადებითად არის შეფასებული საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, როგორც ინვესტიციის, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ 15 წელია გასული, საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ მძიმე მდგომარეობაზე, განსაკუთრებით, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოში რეკეტის დონეზე იყო აყვანილი ბიზნესის დევნა. შესაბამისად, ვფიქრობ, ასეთ დონეზე გაცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი განაჩენია, რომელიც არის კრიმინალური სინდიკატი, კრიმინალების პარტია. ეს ჩანს იქიდან, რომ ამდენი წლის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის ფურცლებზე ყოველწლიურად ხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოში ექსპროპრიაციისა და კომპენსაციის თემაზე.
ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოში ექსპროპრიაციის მსგავსი დავები გავრცელებული არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა.