ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლა არის დრო, ავაშენოთ ნამდვილი ევროპული თავდაცვის კავშირი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. ამის შესახებ მან სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი ევროპელი მოქალაქეების დასაცავად. ევროპის დაცვა ევროპის მოვალეობაა. ამიტომ მჯერა, ახლა არის დრო, ავაშენოთ ნამდვილი ევროპული თავდაცვის კავშირი.
მოდით, შევიტანოთ მეტი სიცხადე – წევრი სახელმწიფოები დარჩებიან პასუხისმგებელი თავიანთ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, მათ სამხედროებზე და ნატო დარჩება ჩვენი კოლექტიური თავდაცვის საყრდენი, მაგრამ ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ ჩვენი თავდაცვის ხარჯები ძალიან დაბალი და არაეფექტურია“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.