მამუკა მდინარაძე: ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიაში არც ერთი პუნქტი არ დაემატება

“მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა საბოლოო ჯამში შემცირდეს ერთი მესამედით, რომ შანსი გაგვიჩნდეს ევროპულ სტანდარტს ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მივუახლოვდეთ”,  – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას.

“ეს არის საბოლოო და არა დღევანდელი, ლოკალური მიზანი. პირველი ნაბიჯი და პირველი ეტაპი არის ეს, რასაც ახლა ვაკეთებთ იმ მუხლების შეტანით, რომელიც უკვე ჩავწერეთ. 1000-ზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს, ხოლო დანარჩენებს შეეხებათ ეტაპობრივად და საბოლოო ჯამში, ის მუხლები, რომლებიც უკვე მითითებულია ამნისტიაში, ეხება 5000-მდე პატიმარს. ვერ ვიტყვი, რომ ეს უპრეცედენტოა, თუმცა არის ძალიან მასშტაბური“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დაშანტაჟებისა თუ პროტესტის გამო, ამნისტიის მუხლებს არც ერთი პუნქტი არ დაემატება.

„ნურავინ ითაღლითებს, ეს არ ეხებათ ამ დარბაზში მსხდომებს. გარეთ ბევრი ინფორმაცია მოგვდის, რომ ვიღაცები დადიან, მათ შორის ერთი-ორი ჩემი ყოფილი კოლეგაც გამოერია, რომ ამნისტიაში ამას ჩავაწერინებთო. ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიაში არც ერთი პუნქტი არ დაემატება. თუკი ვინმეს უნდა, რომ არგუმენტებით დაგვარწმუნოს, ეს მისაღებია, მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ დაგვაშანტაჟოს ან შიმშილობით ან პროტესტის რაიმე ფორმით, ასე არ იქნება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ასევე იხილეთ