ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის განწყობა არ შეცვლილა, ისინი იძულებული არიან, გრიმასა მოირგონ და რამენაირად ამ ახალ დამდგარ რეალობას თვალი გაუსწორონ

“პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის განწყობა არ შეცვლილა. განწყობა აბსოლუტურად იგივე აქვთ, მაგრამ იძულებული არიან, რომ გრიმასა მოირგონ და რამენაირად ამ ახალ დამდგარ რეალობას თვალი გაუსწორონ, შეძლებისდაგვარად რიტორიკა შეცვალონ”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველას გვახსოვს საქართველოს არჩეულ პოლიტიკასთან, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებით რა უმძიმესი რიტორიკა ჰქონდათ და დღეს წინასაარჩევნოდ როგორი განცხადებების გაკეთება უწევთ.

მთავარი აქ, ერთი რამ არის. ზოგადად, ჩვენ ბოლო ამ ათეული წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით ერთ პროცესს, რასაც ერქვა დემოკრატიის, როგორც მცნების შევიწროება და ძალიან ვიწრო იდეოლოგიურ კალაპოტში მოქცევა. ანუ, დემოკრატიად ითვლებოდა ის დემოკრატია, თუ ეს იქნებოდა ლიბერალური დემოკრატია და ბოლო წლებში ეს კიდევ უფრო დავიწროვდა და რომ იტყვიან, ულტრალიბერალური შეფერილობა მიიღო. სწორედ, მე ვფიქრობ, რომ ამ დავიწროებული დემოკრატიის კალაპოტის, რომ იტყვიან, ხელახლა გაფართოების პროცესს ვაკვირდებით დღეს ჩვენ მსოფლიოში, იმიტომ, რომ არ შეიძლება დემოკრატია მხოლოდ ერთი ვიწრო იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, ჩარჩოს კუთვნილება იყოს“, – აღნიშნა მან.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებით განწყობები შეიცვლება.

„მე პირდაპირ გეტყვით, რომ, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიცვლება. სულ მცირე, ამისათვის საკმარისია, რომ განვიხილოთ და დავუბრუნდეთ იმ ვითარებას, რაც ტრამპის პრეზიდენტობის დროს იყო საქართველოსთან მიმართებაში. როდესაც საქართველოზე რაიმე განსაკუთრებული ზეწოლა არ მიმდინარეობდა, საქართველოს სტუმრობდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც პირიქით, დიდი პატივისცემა გამოხატა საქართველოს სახელმწიფოს, მისი ერის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციის მიმართ, მათ შორის, ეკლესიის მიმართ. გვახსოვს მისი მეუღლის ვიზიტი ერთ ტაძარში და შემდეგ პატრიარქთან ბრძანდებოდა.

აქ ჩამოსული იყო სახელმწიფო მდივანი, პომპეო, რომელმაც სავსებით ზომიერი დამოკიდებულება გამოაჩინა ყველა საკითხთან დაკავშირებით და ის არ აკეთებდა პედალირებას ოპოზიციურ დღის წესრიგზე. ჩამოვიდა და სწორედ საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან დაკავშირებით ჰქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამავდროულად ვხედავთ ტრამპის დამოკიდებულებას ომის მიმართ.  რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვუყურებთ, ზეწოლის ძირითადი აქცენტები სწორედ კეთდებოდა იქიდან, რომ საქართველომ ომთან დაკავშირებით დაიჭირა ის პოზიცია, რომელიც იყო ცალსახა დაგმობა აგრესიისა, მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ჰუმანიტარული მხარდაჭერა, საერთაშორისო სანქციების პირნათლად შესრულება, განსხვავებით ევროკავშირის ბევრი ქვეყნისა, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მწარე კრიტიკოსები არიან ხოლმე საქართველოსი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთქვით, რომ პირდაპირ სავაჭრო სანქციებს რუსეთს ვერ დავუწესებთ ელემენტარულად, იმიტომ, რომ ეს არა მარტო ძლიერი ეკონომიკური დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იქნება, ამას მოჰყვება მთელი რიგი პოლიტიკური გართულებები, რომელიც ერთი პატარა მაგალითით შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ მყისიერად ისახებოდა იგივე სამაჩაბლოს, ე.წ სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის წევრად მიღებაში, რაც საერთოდ გაართულებდა ყოველგვარ პერსპექტივას“, – განაცხადა მან.

 

ასევე იხილეთ