ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი “ქართულ ოცნებას” მოემატება

x

“გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ძალიან ფართო მცნებაა. გადაუწყვეტელ ამომრჩეველში შედის “ლელოს” ამომრჩეველიც, გახარიას ამომრჩეველიც და იმ 12-14 პარტიის ამომრჩეველიც, ვინც ამ პატარ-პატარა პარტიებს ასაზრდოებს”, –  ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა “შაბათის ქრონიკასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან, არის რაღაც ნაწილი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო, არ მოდიოდა არჩევნებზე.

ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ყოველ შემთხვევაში, მოემატება „ქართულ ოცნებას“ და რატომ? ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხედავს, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურობას შეიძლება შეეხოს ძალიან დიდი საფრთხე. ანუ, ის სატყუარა, რომ „ქართული ოცნება“ არის რაღაც ტოტალიტარიზმი, ხალხი ხედავს, რომ ეს ასე არ არის. ხალხი ხედავს იმას, რომ თუ ეს რადიკალები ხელისუფლებაში მოვლენ, ეს გამოიწვევს საქართველოს სწრაფ, ხშირად ეს ტერმინი გამოიყენება ხოლმე, უკრაინიზაცია-მოლდავიზაციის გზაზე წასვლას, როდესაც ქვეყნებში უმძიმესი მდგომარეობაა, მაგრამ სამაგიეროდ, პოლიტიკურ ტაშს უკრავენ. რეალური ცხოვრება ამ ქვეყნებში ასეთია, საშინელება ტრიალებს აგრესიის შედეგად და აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, გაყინულია განვითარებაში.

ეს გვაძლევს ჩვენ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვის საშუალებას, იმიტომ, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ყოველთვის უფრო მძაფრი რამ სჭირდება, რის გამოც შენ მხარი უნდა დაგიჭიროს. ის ტრადიციული ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც 50 პროცენტის ფარგლებში ტრიალებს, ყველა არჩევნებში ჩვენ მყარად გვყავს შენარჩუნებული“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ