დავით მათიკაშვილი: ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში არ ერევა, სასამართლო თავად წყვეტს, ვინ დაინიშნოს თუ არ დაინიშნოს კონკრეტულ თანამდებობაზე

“ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში არ ერევა. სასამართლოს თავისი დღის წესრიგი აქვს და თვითონ წყვეტს, ვინ დაინიშნოს თუ არ დაინიშნოს კონკრტულ თანამდებობაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„სასამართლო არის დამოუკიდებელი ინსტანცია, ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნ პირებთან დაკავშირებულ ბედს თავად წყვეტს. პრეზიდენტის უფლება არის პრეზიდენტის უფლება. სასამართლო მასთან დაკავშირებულ საკითხებს დამოუკიდებლად წყვეტს, რადგან ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს წარმოადგენს. რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მედიას ძალიან გინდათ, გააშუქოთ სცენა, როგორ ერევა ხელისუფლება სასამართლოს საქმეში. ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში არ ერევა – სასამართლოს თავისი დღის წესრიგი აქვს და თვითონ წყვეტს საკითხს, ვინ დაინიშნოს თუ არ დაინიშნოს კონკრტულ თანამდებობაზე.

ამ საკითხზე პასუხი ამოწურულია. თქვენ მოგწონთ 2012 წლამდე არსებული ვითარება, როცა ხელისუფლება  ღრმად და მკაცრად ერეოდა სხვა სახელისუფლო შტოების გადაწყვეტილებებში. თქვენ ის ვითარება გინდათ, როცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ახლო ნათესავები იყვნენ და აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს უფლებებში პირდაპირ ერეოდა. ასეთ რაღაცას თქვენ ვერ ნახავთ და ვერც მოისმენთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით მათიკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.

ასევე იხილეთ