„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრობს.
მდინარაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქმეზე გამოკითხულმა პირებმა იცოდნენ, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით მიდიოდა.
მისივე თქმით, მინიმუმ ძალიან საეჭვოა, რომ ტელევიზიები, პოლიტიკოსები და თავად მოწმეები არ ამბობდნენ ამ ყველაფერს.
„ერთი წამით დავუშვათ, რომ ვთქვათ, სანამ გამოკითხვაზე მივიდოდნენ, არ იცოდნენ, რომელიმე მოწმე არ იყო საქმის კურსში, გამოკითხვიდან გამოსულებმა ხომ უკვე ყველამ იცოდა, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით მიდიოდა. ტელევიზიები, პოლიტიკოსები, რომლებიც ამაზე კომენტარებს ერიდებოდნენ, თავად მოწმეები რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს, მინიმუმ ძალიან საეჭვო არ არის? ამაში გაიშიფრნენ ისინი. ჯერ ერთი, ყველა საქმის კურსში იყო, რაში იყო საქმე, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის და ოცნების სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას და ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას. მაინცდამაინც ტერორიზმის მუხლს არ ახსენებდნენ. გაუთქმელობა ტერორიზმის მუხლს ეხებოდა და შეთქმულებას არა? ეს რანაირი არგუმენტია? ტელევიზიების ნარატივები ნახეთ პირველი ორი დღე. მხოლოდ შეთქმულებაზე ლაპარაკობდნენ და როცა გამოჩნდა, რომ ტერორიზმის მუხლიც იყო, მერე დაიწყეს ამაზე საუბარი. სუსმაც დაადასტურა ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლიც, შემდეგ დღეებში თვითონვე ადასტურებდნენ, მაგრამ პირველ დღეებში რატომ დამალეს მაინცდამაინც ტერორიზმი, უკან გამოსულებმა ხომ იცოდნენ?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.