„დეჩიჩის“ მწვრთნელი: ბათუმის „დინამოსთან“ ის შეცდომები არ უნდა დავუშვათ, რის გამოც ჩემპიონთა ლიგიდან გავვარდით
ოთხშაბათს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ მონტენეგროს „დეჩიჩს“ უმასპინძლებს. მეტოქე უკვე ბათუმშია და წინასამატჩო ვარჯიში გამართა.
„დეჩიჩის“ მწვრთნელმა, მილორად პეკოვიჩმა საქართველოს ჩემპიონთან მოახლოებული შეხვედრისა და მოლოდინების შესახებ ისაუბრა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის „ნიუ სეინტსთან“ ჩატარებული მატჩი ახსენა (0:3, 1:1).
„ძლიერ მეტოქეს ვხვდებით, რაც „დინამომ“ „ლუდოგორეცთან“ მატჩში აჩვენა. ბულგარელებს ძალიან გაუმართლათ, რადგან ბათუმში ქართველებმა ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოიყენეს.
საქართველოს ჩემპიონი სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვითამაშოთ აგრესიულად, სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ და ვაჩვენოთ, რომ ამ დონეზე კონკურენცია შეგვიძლია.
ევროტურნირებზე თამაში მეტ სისწრაფეებს მოითხოვს, ვიდრე ჩემპიონატში ვართ შეჩვეულები. მჯერა, რომ ასეც იქნება და ძლიერ მეტოქესთან მოედნის ყველა მონაკვეთზე ვიბრძოლებთ.
უელსის ჩემპიონთან არ ვიყავით ისეთი სუსტები, როგორც შედეგიდან ჩანს. მეტოქემ ჩვენი შეცდომებით კარგად ისარგებლა. ამ ხარვეზებზე ბოლო დღეებში ვმუშაობდით. უელსელებთან წაგება „დინამოსთან“ მატჩამდე კარგი გაკვეთილი იყო და გამოგვადგება“, – ამბობს „დეჩიჩის“ მწვრთნელი.
ბათუმის „დინამო“ ოთხშაბათს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის პირველ მატჩში მონტენეგროს ჩემპიონს საკუთარ სტადიონზე მიიღებს. „ბათუმი არენაზე“ მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.