„ბოლო პერიოდში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი, სლოვაკეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის გამოძიება, რომელიც არის დაწყებული მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური”, – განაცხადა „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმესთან დაკავშირებით.
მან აღნიშნა, რომ ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე იყო ტერორიზმის მუხლითაც აღძრული.
„ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არის ძალიან შემაშფოთებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში. ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი, ერთი სლოვაკეთში და მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იგივე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ის გამოძიება, რომელიც არის დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური.
თქვენ გახსოვთ ასევე, სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ერთ-ერთ ევროკომისართან. მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით. მას ჰქონდა აღიარება, რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით, უბრალოდ, მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიას არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან კილერები. ეს არ იყო რა თქმა უნდა, პირადად ევროკომისრის გაფრთხილება, ის გამოიყენეს, როგორც მესინჯერი იმისათვის, რომ მოეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი, ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით. ასეთ პირობებში საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.