გურამ მაჭარაშვილი: გვეკითხებოდნენ, სად არის ეს „გლობალური ომის პარტიაო“, აი სად არის – ვინც ესროლა სლოვაკეთის პრემიერს, ასევე დონალდ ტრამპს და ვინც გეგმავდა ტერორისტულ აქტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმას და საქართველოში სუს- ის მიერ აღკვეთილ ტერორისტულ აქტს ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, ბოლო 2 თვის განმავლობაში პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმა საერთო კონტექსტშია განსახილველი, რადგან რობერტ ფიცო, დონალდ ტრამპი და ბიძინა ივანიშვილი ლიბერალური ფაშიზმი მოწინააღმდეგე ლიდერები არიან, რომლებიც სუვერენიტეტისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის იბრძვიან.
გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რომ „გლობალური ომის პარტიის“ მიერ განხორციელებული თავდასხმები უკვე დამტკიცებულია და მაგალითად რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი მოჰყავს, რომელმაც თავად აღიარა – თავდასხმის მიზანი ფიცოს განსხვავებული პოზიცია იყო.
დეპუტატის თქმით, ლიბერალური ფაშიზმი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლავს განსხვავებულ აზრს, თუმცა ევროპულმა საზოგადოებამ უკვე დაამტკიცა, რომ დგას ტრადიციული ღირებულებებისა და სუვერენიტეტის მხარეს.
“პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმების საერთო კონტექსტი არა მარტო ხაზგასასმელია, უკვე დადასტურებულია ფაქტებით. ბევრი მტკიცებულებები აღარ არის საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ებრძვის გლობალური ომის პარტია. როცა გვეკითხებოდნენ – სად არის ეს გლობალური ომის პარტიაო – აი, სად არის – ვინც ესროლა სლოვაკეთის პრემიერს, ტრამპს, ვინც ამზადებდა ტერორისტულ აქტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თან სამივე პოლიტიკური ლიდერი ამბობს – გვინდა მშვიდობა და არა ომი, ტრადიციული ცხოვრება და არა ლგბტ პროპაგანდა, გვინდა სუვერენიტეტი და არა მონობა. სამივეს შემთხვევაში არსებობს ეს წინააღმდეგობა ლიბერალურ ფაშიზმთან მიმართებით. სლოვაკეთის პრემიერი რომ საუბრობდა, მეგონა საქართველოს პრემიერი გამოდიოდა. ერთი – ერთში საუბრობდა იმ მიზეზებზე და მიზნებზე, რაც მას ჰქონდა და რაც გვაქვს ჩვენ – ზუსტად იმ მიზეზებზე, რის გამოც მას ესროლეს. პირდაპირ აღიარა ფიცოზე თავდამსხმელმა, ლიბერალური ფრთის წარმომადგენელმა – ვესროლე იმიტომ, რომ მას ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებიო. აქედან გამომდინარეა, რომ ეს დღევანდელი ლიბერალური ფაშიზმი, მთელს მსოფლიოში, ებრძვის კი არა, კლავს განსხვავებულ მოსაზრებას. მეტი ვინ დავასახელოთ, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს და დღეს, პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს საჯაროდ. ხალხმა მიუთითა პოლიციას შეიარაღებულ ადამიანზე, მაგრამ თავდამსხმელმა მაინც მოახერხა სროლა. ამ სამივე შემთხვევას ერთი მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი აქვს – სამივე პოლიტიკური ლიდერი იბრძვის სუვერენიტეტისთვის, ტრადიციების შენარჩუნებისთვის – ეს არის ყველაზე მთავარი და ამიტომ ვამბობთ, რომ ამას დიდი მტკიცებულება არ სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპული საზოგადოებების უმრავლესობამ დაამტკიცა, რომ ის არ დგას ლიბერალიზმის, ლგბტ პროპაგანდის მხარეს და დგას ოჯახის სიწმინდის, სუვერენიტეტის მხარეს. საქართველოს მოსახლეობა ამას უფრო კარგად დაამტკიცებს  26 ოქტომბერს”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ასევე იხილეთ