საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ ის არის მოწოდების სიმაღლეზე. აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას.
როგორც რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა.
„მათ შორის, ეს საქმეც მიეკუთვნება იმ საქმეთა რიცხვს, რომელსაც იძიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია, ეს გამოძიებაც წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.