აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს
2024 წლის 25 ივლისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს.
„საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, მსოფლიო არქეოლოგიის აღიარებულ მეცნიერს, ჰუმბოლდტის ფონდის სამეცნიერო პრემიის მფლობელს, პროფესორ დავით ლორთქიფანიძეს მიენიჭოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მსოფლიო არქეოლოგიაში საქართველოსა და კავკასიისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილის დამკვიდრების, სამუზეუმო საქმის განსაკუთრებულად განვითარების, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, არქეოლოგიის მიმართულების სასწავლო-სამეცნიერო კვლევით მუშაობასა და ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – ვკითხულობთ გრაგნილის ტექსტში, რომელიც საზეიმო ვითარებაში ბატონ დავითს სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გადასცა და საპატიო დოქტორის მანტიით შემოსა.
“ბატონი დავითი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გამორჩეული შვილია და ეს არის მისი ტვირთი მთელი ქართული სახელმწიფოსა და ერის წინაშე, რომელსაც ღირსეულად ატარებს. მან მთელი მსოფლიოს არქეოლოგიის ისტორიაში საპატიო ადგილი დაუმკვიდრა საქართველოსა და კავკასიას და თავისი მამის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის დაწყებული საქმე, კიდევ უფრო გააფართოვა და თანამედროვე მიდგომებით მუზეუმებსა თუ არქეოლოგიურ კვლევებს ახალი სიცოცხლე შესძინა” – განაცხადა თავის გამოსვლაში სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, ბატონ დავითს მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიების მიმდინარეობისას გერმანიიდან ზუმით ჩაერთო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ამჟამად გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ჯონი აფაქიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროფესორ დავით ლორთქიფანიძის ბიოგრაფია და ვრცლად ისაუბრა მისი დამსახურებების შესახებ როგორც არქეოლოგიის, ასევე სამუზეუმო საქმიანობის განვითარებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების სასწავლო-სამეცნიერო კვლევით მუშაობასა და ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის შესახებ. ცნობისთვის, ქართველი ანთროპოლოგი და არქეოლოგი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე არის: მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS, აშშ) ნამდვილი წევრი, ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ცნობილი არქეოლოგის ოთარ ლორთქიფანიძის ვაჟი. ბატონ დავითს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: საქართველოს ღირსების ორდენი, მონაკოს პრინცის ორდენი, ფრანგული ორდენი “Palmes Academiques”, საფრანგეთის ღირსების ორდენი, ჰუმბოლდტის ფონდის სამეცნიერო პრემია, გივი მარგველაშვილის პრემია. დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობისას, მისი ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს უძველესი ადამიანისმაგვარი არსების თავის ქალა, რომელსაც homo erectus-ის წინაპრად მიიჩნევენ. მრავალი წელია, რაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს შესაბამისი მემორანდუმების ფარგლებში. თანამშრომლობის შედეგად, სსუ-ის არაერთმა სტუდენტმა, მაგისტრანტმა თუ დოქტორანტმა კვალიფიციური პრაქტიკა გაიარა როგორც მუზეუმის არქეოლოგიის ფონდებსა თუ ნუმიზმატიკის განყოფილებაში, ისე მუზეუმის არქეოლოგიურ გათხრებზე. არაერთი ჩვენი კურსდამთავრებული დასაქმებულია ეროვნულ მუზეუმსა თუ მის ფილიალებში. პროფესორი დავით ლორთიფანიძე აქტიურადაა ჩართული სსუ საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამების მუშაობაშიც. დავით ლორთიფანიძის კონსულტანტობით მომზადდა და დაცული იქნა სადოქტორო დისერტაციები არქეოლოგიის დარგში.
„დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. აფხაზეთი და სოხუმი ჩემში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის შეიტანს თავის წვლილს სამეცნიერო საქმიანობაში, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ღირებულებების კვლევებზეა დაფუძნებული. არაერთი ღირსეული მოღვაწე აღზარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი“, – განაცხადა თავის გამოსვლაში პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ, მადლობა გადაუხადა პროფესორ ზურაბ ხონელიძეს და უნივერსიტეტის მთელ კოლექტივს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საღამო შემოქმედებითად გააფორმეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა.