ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი ჭოუ ციენის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2024 წლის 22 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ჭოუ ციენი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. უმაღლესი რანგის სტუმრებს უმასპინძლეს: სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ; სსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ; წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარემ (სპიკერი), ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ; სსუ-ს სამშვიდობო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან გერაძემ და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებმა. შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ჩინეთის, სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი და სსუ-ის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარი, პროფესორი ბადრი ნაჭყებია.
ვიზიტი დაიწყო ჩინეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით, რის შემდეგაც, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მირონი“, სტუმრების საპატივცემულოდ, მცირე კონცერტი გამართა. შეხვედრის ოფიციალური ნაწილი რექტორის კაბინეტში გაიმართა. პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, როგორც ხიდზე ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მან განიხილა ჩინეთის მიერ ინიცირებული „შუა დერეფნის“ მომავალი და სტუმრებს გააცნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახლებური ხედვა – „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ , რომელიც მშვიდობის ქართული პარადიგმის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. პროფესორმა ზ. ხონელიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო უნდა განვითარდეს მშვიდობიან გარემოში, რადგან სწორედ მშვიდობაა ქვეყნის წინსვლის აუცილებელი პირობა.
ჩინეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების შესახებ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. დაისვა საინტერესო აქცენტები – განიხილეს სხვადასხვა პროექტი, გაცვლითი პროგრამები და მიმართულებები, რომლებიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩინეთის უნივერსიტეტების შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებს განსაზღვრავს. ჩინეთის ელჩის მიერ წამოყენებული ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის აკადემიურ და კულტურულ ურთიერთობებს. მისმა აღმატებულებამ ჭოუ ციენმა, რექტორი ზურაბ ხონელიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში, ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზე, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია.