შალვა პაპუაშვილი: არცერთი ქვეყანა და ორგანიზაცია არ გვაძლევდა და დღემდე არ გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკურ კრიზისამდე ან სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანდა
„სანქციების დაწესების დაჟინებულ მოთხოვნას, იმ პირობებში, როდესაც საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ საქართველო იღებდა ვალდებულებას, არავისთვის მიეცა სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა, რაიმე რაციონალური ახსნა არ ჰქონდა”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს არავინ აძლევდა და დღემდე არ აძლევს.
„ორმოცმილიონიან უკრაინაში რამდენიმე ათეული მოხალისის ჩასვლა, ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს მიერ შეიარაღების მიწოდება, რუსეთის ეკონომიკაში 0,02% წილის მქონე ქვეყნის მიერ სანქციების დაწესება, არათუ გარდამტეხ, რაიმე საგრძნობ გავლენასაც კი ვერ მოახდენდა ომის მსვლელობაზე. ერთადერთი შედეგი, რასაც ეს ნაბიჯი მოიტანდა, იქნებოდა რუსეთთან ესკალაციაში შესვლა, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად იყო რუსეთთან როგორც ეკონომიკურ, ისე ცხელ ომში საქართველოს ჩართვა.
ხაზგასასმელია ერთი გარემოებაც. რადიკალურ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნისონში მყოფი უცხოელების მხრიდან, სანქციების დაწესების მოთხოვნის პარალელურად, არავინ, ხაზს ვუსვამ, არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია არ გვაძლევდა და დღემდე არ გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს, იმ შემთხვევისთვის, თუ სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკურ კრიზისამდე ან სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანდა. და ეს იმ პირობებში, როდესაც სანქციების დაწესება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობადაც კი სახელდებოდა. საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არავინ საქართველოსგან სანქციების დაწესებას არ ითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე. ბევრი უცხოელი ხვდებოდა, რომ სანქციების დაწესების საჯარო მოთხოვნას საზოგადოებისგან შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა, ამიტომ ეს მოთხოვნები დახურულ კარს მიღმა ან არაპირდაპირ ჟღერდებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.