შალვა პაპუაშვილი: როდესაც ვსაუბრობთ დავით კეზერაშვილზე – კრიმინალზე, რომელმაც ქართულ ჯარს მოჰპარა 5 მილიონი ევრო და დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას, ამას უნდა შევხედოთ, როგორც გარე ჩარევას ქართულ არჩევნებში
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო არჩევნებში დავით კეზერაშვილის ჩართულობაზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც კრიმინალი კეზერაშვილის ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება, მისი ჩართულობა პროცესში უნდა აღიქმებოდეს, როგორც არჩევნებში გარე ჩარევა.
„როდესაც ვსაუბრობთ დავით კეზერაშვილზე – კრიმინალზე, რომელმაც ომამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ ჯარს მოჰპარა 5 მილიონი ევრო და დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას, რა თქმა უნდა, ამას უნდა შევხედოთ, როგორც გარე ჩარევას ქართულ არჩევნებში.
გასაკვირია, რომ დღემდე ეს კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ თუკი მართალია ის ღირებულებები, რომლებზეც ევროპელი ბიუროკრატები და დიპლომატები გვესაუბრებიან ხოლმე, დავით კეზერაშვილი გადმოცემული უნდა იყოს ქართული მართლმსაჯულებისთვის. სამწუხაროდ, ეს არ ხდება, ისევე როგორც არ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც ასევე ჰქონდა შექმნილი საუკეთესო პირობები საზღვარგარეთ – ევროპაში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და თავისუფლად გადაადგილდებოდა, როგორც კრიმინალი. ეს არ ხდება ზურაბ ადეიშვილის შემთხვევაში, რომელიც ასევე თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე – კრიმინალი, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა და არა თუ გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, მას უმაღლესი თანამდებობის პირები ხვდებიან, ევროკავშირის წარმომადგენლები, ხელს ართმევენ და მართლმსაჯულების რეფორმებზე საუბრობენ ადამიანთან, რომელმაც საქართველოში ადამიანების წამების სისტემა შექმნა და არის სიმბოლო ყველაფრისა, რაც კი ეწინააღმდეგება წარმოდგენას მართლმსაჯულებაზე. ასეთ ადამიანს ართმევენ ხელს ევროკომისრები. ასე რომ, პირველ რიგში, ეს არის უცხოური ჩარევა და ასე უნდა შევხედოთ ამ პროცესს. შესაბამისად, მოვითხოვოთ, მათ შორის ევროკავშირისგან, რომ ეს კრიმინალი გადმოეცეს საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.