შალვა პაპუაშვილი კახა კალაძის მიერ „ტვ პირველთან” სასამართლო დავის მოგებაზე: მნიშვნელოვანია, სამართლებრივი ბერკეტები გამოყენებული იყოს, როდესაც დეზინფორმაცია ვრცელდება
„მნიშვნელოვანია სამართლებრივი ბერკეტები გამოყენებული იყოს, როდესაც დეზინფორმაცია ვრცელდება. ზოგადად თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია უფრო მჭრელი და ბოროტი იარაღი არის, ვიდრე შეიძლება სხვა ცხელი იარაღი და სამწუხაროდ ამას აქტიურად იყენებს ქართული ოპოზიცია და სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ მედიის დიდი ნაწილი მათ შორის უცხოეთიდან, ფინანსდება გაუმჭვირვალედ და ზუსტად ის ნაწილი მედიისა, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებით არის ხოლმე დაკავებული”, –ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კახა კალაძის მიერ „ტვ პირველთან“ სასამართლო დავის მოგებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, თუკი ენჯეოები პატიოსანი იქნებიან საკუთარ თავთან, როდესაც ამ საქმეებში ჩაიხედებიან თავადაც აღიარებენ, რომ დეზინფორმაციასთან ჰქონდათ საქმე.
„მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ აი ასეთ მომენტებში და დარწმუნებული ვარ, მე ეს გადაწყვეტილება არ ვიცოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღესვე დაიდება ენჯეო, რომელიმე კოალიციის განცხადება, რომ ეს არის კოორდინირებული სარჩელების პროცესი, ეგრეთ წოდებული „სლეპი“, როდესაც ხდება სარჩელების შეტანა. რაც არის ტყუილი და მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ ტყუილს, თითქოს სარჩელების შეტანა, თუნდაც კოორდინირებულად, როდესაც მაგალითად პარტია უზრუნველყოფს იმას, რომ მისმა წევრებმა იურიდიულად გამართულად შეიტანონ სარჩელები დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის რაიმე არადემოკრატიული ინსტრუმენტი. ატყუებენ ჩვეულებრივად მოქალაქეებს, რომლებიც არ ერკვევიან ამ საკითხებში, კერძოდ, როდესაც საუბრობენ „სლეპზე“, ეს არის პროცესი, უცხოეთში მიღებული ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც ხდება მედიის, ასე ვთქვათ, დაბომბვა სარჩელებით, რომელსაც არ აქვს არანაირი პერსპექტივა, რომ მხარე მოიგებს ამ სარჩელს, ანუ აპრიორი თავიდანვე უპერსპექტივო სარჩელია, უბრალოდ ხდება სარჩელის შეტანა, იმისთვის, რომ მეორე მხარე, ამ შემთხვევაში მედია ან სხვა მხარე, იძულებული იყოს, გამოყოს ადვოკატი, გაიღოს რაღაც ხარჯები და ამით ფინანსური ტვირთი მიაყენოს. აი, ეს არის „სლეპი“ და რასთანაც ჩვენ გვაქვს საქმე, ჩვენ ვხედავთ, რომ არა თუ პერსპექტივა არა აქვს, თუკი ეს ენჯეოები პატიოსანი იქნებიან საკუთარ თავთან, თავადაც ამ საქმეებში რომ ჩაიხედებიან, აღიარებენ, რომ დეზინფორმაციასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.