„ლაზიკა“, „დიდგორი“: ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის „სიმბოლური რაოდენობის (უკრაინისთვის ) გადაცემაც კი საკმარისი იქნებოდა, მხარდაჭერის გამოსახატად” – რას ამბობდა თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებასთან 2022 წელს

„თუ გვინდა, რომ დასავლეთის ნაწილი გავხდეთ, მათ შორის – უნდა მივუერთდეთ სანქციებსაც, სადაც შესაძლებლობა გვაქვს“ – ამის შესახებ 2022 წლის 24 მაისს, უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებასთან საუბრობდა.

სტატიაში „რა არ გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს უკრაინისთვის – „ჩამოწერილი” პუნქტები” – აქუბარდია აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებასთან სანქციების თემაზე „საგნობრივ განხილვას” ოპოზიციამ ვერ მიაღწია.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობდა, მოლდოვის პრეზიდენტი „დანანებით აღნიშნავდა”, რომ სანქციებს არ უერთდებოდა, ხოლო, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ამავე თემაზე, დასავლეთისთვის სილის გაწვნა იყო.

„არც მოლდოვა უერთდება სანქციებს, მაგრამ პრეზიდენტი მაია სანდუ ამას დანანებით აღნიშნავს. საქართველოს პრემიერმა კი, ჯერ კიდევ 25 თებერვალს თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს… ეს იყო დამაზიანებელი უკრაინის სოლიდარობის კონტექსტში… განცხადებები – „სანქციები არ მუშაობს“ და „ჩემს ქვეყანას ვერ დავაზიანებ“ – დასავლეთისთვის სილის გაწვნაც არის”, – აცხადებდა დეპუტატი “რადიო თავისუფლებასთან” .

აქუბარდია ასევე განიხილავდა უკრაინის დახმარების სხვადასხვა შესაძლებლობას, მათ შორის, ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის “სიმბოლური რაოდენობის” გადაცემას.

„ლაზიკა“, „დიდგორი“ – ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის „სიმბოლური რაოდენობის გადაცემაც კი საკმარისი იქნებოდა, მხარდაჭერის გამოსახატად“, – აღნიშნავდა თეონა აქუბარდია.

ასევე იხილეთ