საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონი დიდი ბრიტანეთის ძლევით გახსნა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რომელსაც წლეულს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე მასპინძლობს. ლექსო ლაფანაშვილისა და მისი ასისტენტების – ნიკა მსხალაიას და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის ნაკრები 80:67 დაამარცხა.
B დივიზიონში 22 ნაკრებია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. A და D ჯგუფები 5-გუნდიანია, B და C-ში კი 6-6 ნაკრებია თავმოყრილი. საქართველო D ჯგუფშია ავსტრიასთან, ნორვეგიასთან, პორტუგალიასთან და დიდ ბრიტანეთთან. მერვედფინალში თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო გადის, ხოლო ტურნირის 3 საუკეთესოს A დივიზიონის საგზურები ელოდება.
საქართველოს ნაკრებმა დიდ ბრიტანეთთან 13 ქულით კი გაიმარჯვა, თუმცა მოგება იოლად არ მოსულა. პირველი ნახევარი ბრიტანელებმა მინიმალური სხვაობით – 35:34 მოიგეს, თუმცა ჩვენმა გუნდმა მეორე ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარა, მესამე და მეოთხე პერიოდები თითქმის ერთნაირი ანგარიშით, შესაბამისად 22:16 და 24:16 მოიგო.
გამარჯვებულებს ათუკა ბახტაძემ ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 11 მოხსნა, 3 დაფარება და 2-2 ჩაჭრა-პასი მიითვალა. კიდევ ორმა ქართველმა – ალექსანდრე დაუშვილმა (10 ქულა, 11 მოხსნა) და ამირან აროშიძემ (13 ქულა, 11 მოხსნა) მიითვალა ორმაგი დუბლი. ნიკოლოზ აბულაძის ანგარიშზე კი 13 ქულა და 6 პასი დაგროვდა.
მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 27 ივლისს, 16:00 საათზე ავსტრიას დაუპირისპირდება.