გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე: ალბათ ბოკუჩავა ფიქრობდა ბაიდენს უნდა შევხვდეო, მაგრამ ამერიკაში რომ ჩავიდა უთხრეს – ტრამპს შეხვდიო და ასეც მოიქცა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რუსეთთან მიმართებით ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, პოზიციის ცვლილებით, უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ საკუთარ ამომრჩეველს.

გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რომ ოპოზიციის ბუნებრივი მდგომარეობაა ვაშინგტონისა და ბრიუსელის დავალებების შესრულება, სწორედ მათი დავალებით შეცვალეს რიტორიკა რუსეთთან მიმართებით.

მაჭარაშვილი ტრამპის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებასაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიცია ახლა კომიკურ სიტუაციაშია.

„ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველსაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, მაგალითად, ჩვენს მხარდამჭერებთან ურთიერთობაში. ეს ხალხი ხომ ერთად ცხოვრობს, ჩვენი მხარდამჭერები არიან თუ მათი, ხომ ეტყვის ერთი მეორეს – ნახე რას ამბობს შენი ლიდერიო? თავს რომ იგიჟებდნენ და დღე არ გავიდოდა ისე, რომ „მთავარ არხს“ და „ფორმულას“ ჩვენთვის კითხვები არ დაესვა რუსი ტურისტების რაოდენობაზე, პირდაპირ ფრენებზე და ა.შ – ახლა კარგია პირდაპირი ფრენები? ახლა არის კარგი და აუცილებელი ვაჭრობა ქვეყანასთან, რომელიც, გინდა – არ გინდა, შენი მეზობელია? ამიტომ ვამბობდით – ოპოზიციას ხელისუფლების წყაროდ ხალხი არ მიაჩნია. ბუნებრივად აქვთ ეს მოცემულობა – ვაშინგტონი და ბრიუსელი თუ იტყვის, მაშინ შეიძლება. ამაზე ემჩნევათ, რომ დაფიქრდნენ, შეცვალეს ცოტა რიტორიკა. შეიძლება თვითონაც ვერ დაფიქრდნენ და მათი პატრონებიდან აღმოჩნდა ვიღაც ჭკვიანი და პრაგმატული პოლიტიკისკენ უბიძგა.

პუტინისტს უწოდებდნენ ტრამპს, ორბანი და ტრამპი პუტინისტები იყვნენ.

ალბათ, ბოკუჩავა ფიქრობდა, ბაიდენს უნდა შევხვდეო და ამერიკაში რომ ჩავიდა, უთხრეს – შეხვდი ტრამპსო.

ასეთ კომიკურ სიტუაციაში არიან,“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ