ლევან მაჭავარიანი: გამოგონილი არგუმენტი, რომ რუსეთმაც ასე დაიწყო, არგუმენტი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენი და რუსეთის დემოკრატიის ერთ სიბრტყეში დაყენება აბსურდია
„გამოგონილი არგუმენტი, რომ რუსეთმაც ასე დაიწყო, არგუმენტი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენი და რუსეთის დემოკრატიის ერთ სიბრტყეში დაყენება აბსურდია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გამჭვირალობის კანონზე საუბრის კონტექსტში განაცხადა.
ამასთან, ლევან მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა ბოლო რამდენიმე თვეში გამოქვეყნებულ ინდექსებზე, რომლებითაც საქართველო ბევრ პოზიციაზე დაწინაურდა.
„სად ჩვენი დემოკრატია, სად რუსული დემოკრატია. მე რა ინდექსებსაც წავიკითხავ, აბსოლუტურად ყველა არის დასავლური, ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ დადგენილი ინდექსები. დავიწყოთ, ატლანტიკური საბჭო, თავისუფლების ინდექსი, თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაგვასახელა, ოთხი კატეგორიისგან შედგება, სადაც სხვა არცერთი კანდიდატი წევრი ქვეყანა არ მონაწილეობს და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ და NATO-ს 6 წევრ ქვეყანას. კრიტერიუმებია სამოქალაქო თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები, დამოუკიდებელი სასამართლო, უსაფრთხოება, ბიზნესის თავისუფლება, სამართლიანი არჩევნები და ა.შ. ღია ბიუჯეტის ინდექსით ჩვენ კვლავ პირველ ადგილს ვიკავებთ. კანონისა და სასამართლოს უზენაესობის ინდექსით ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ევროკავშირის ორ და NATO-ს ხუთ წევრ ქვეყანას. საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც ამბობს, რომ კორუფციის აღქმის ინდექსით ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ევროკავშირის ცხრა და NATO-ს 14 წევრ ქვეყანას“, – აღნიშნა მან.
ლევან მაჭავარიანის თქმითვე, უამრავი ინდექსია, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული დასავლური ორგანიზაციების მიერ არის გამოქვეყნებული და საქართველო ყველგან მოწინავე პოზიციაზეა.
„11 წლიანი უწყვეტი პროგრესით, რაც მე ჩამოვთვალე, აბსოლუტურ უმრავლესობაში, ევროპაში ვიკავებთ პირველ ადგილს. შესაბამისად, რანაირად არის დემოკრატიის უკუსვლაზე საუბარი?“, –განაცხადა მან.