მაია ბითაძე ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: უკვე პრევენციულად განხორციელებულია გარკვეული ღონისძიებები, რომლებმაც ჩვენ, სავარაუდოდ, დიდი საფრთხე აგვარიდა
“საწყის ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ უკვე პრევენციულად განხორციელებულია გარკვეული ღონისძიებები, რომლებმაც ჩვენ, სავარაუდოდ, დიდი საფრთხე აგვარიდა”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ “შაბათის ქრონიკასთან” ინტერვიუში განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ დღეს ისეთ საქართველოში ცხოვრობს, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე დგანან.
„გამოძიება და მიმდინარე პროცესი ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, არის ნათელი გამოვლინება იმისა თუ რა პროცესები მიმდინარეობს სამშვიდობო პოლიტიკის პარალელურად, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს და რა პროცესებშია საქართველოს ჩართვის მცდელობა. პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა ამას – მიხარია, რომ დღეს ისეთ საქართველოში ვცხოვრობ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე დგანან. მიუხედავად იმისა თუ რას იტყვის ან რას „იმაიმუნებს“ ჩვენი ოპოზიცია, უკვე პოლიტიკურად და მავნებლურად ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ, დღეს ფაქტია, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ასე ვთქვათ, საწყის ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ უკვე პრევენციულად განხორციელებულია გარკვეული ღონისძიებები, რომლებმაც ჩვენ, სავარაუდოდ, დიდი საფრთხე აგვარიდა.
ბუნებრივია, ჩვენი რადიკალური ოპოზიცია შეეცდება, რომ ამ საკითხს, რომელიც პირდაპირ თუ შეიძლება ირიბად მათთან აკავშირებდეს ამ მოვლენას, თავს აარიდებს და აარიდებდა, ან კიდევ უფრო უარესი, ის რიტორიკა, რაც ჩვენ მათი მხრიდან მოვისმინეთ, ე.წ. დამცინავი რიტორიკა ამ მიმართულებით, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს თუ რა დამოკიდებულებაში არიან ისინი მარტივად თავის სამშობლოსთან, როგორ უდიერად ეპყრობიან მას, როგორც ინსტიტუტებს, ასევე იმ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ ბოლო წლების განმავლობაში, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ააწყოს და ასევე, აუწყოს ფეხი იმ ძალიან ტურბულენტურ და რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს, რომელიც დღეს რეგიონში და მთელს მსოფლიოშია“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.