მაია ბითაძე: “ქართული ოცნების” ამომრჩეველს “ნაციონალური მოძრაობა” ვერ გადაიბირებს
“რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” ამომრჩეველს “ნაციონალური მოძრაობა” ვერ გადაიბირებს, რაც არ უნდა განშტოებები გაიკეთოს, ვერანაირად”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც რუსეთისათვის სანქციების დაწესების საკითხზე რადიკალური ოპოზიციის მიერ შეცვლილ რიტორიკას გამოეხმაურა.
მაია ბითაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ე.წ. შუაშისტების გულის მოგებას ცდილობდა ერთადერთი რამით, როდესაც ამბობდა, რომ თურმე „ქართული ოცნება“ რუსული ხელისუფლებაა, რომელიც პარალელურად, დღენიადაგ ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობდა.
„ასეთი აბსურდის თეატრში ვიცხოვრეთ ჩვენ რამდენიმე წელიწადი. ამ რიტორიკას თავზე ახვევდნენ არა მხოლოდ იმ ამომრჩეველს, რომელიც ტრადიციულად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველია, არამედ, ე.წ. შუაშისტებს და დღეს იგივე ადამიანებს ისინი ეუბნებიან, რომ თურმე „ქართული ოცნება“ მართალი ყოფილა.
გვახსოვს ჩვენ, მათ შორის, დეპუტატები, ჩემი კოლეგები პარლამენტის სესიებიდან, ალეკო ელისაშვილი იქნებოდა, აქუბარდია თუ ვაშაძე, როგორ მოგვიწოდებდნენ, რომ რამდენიმე მიმართულებით გვემუშავა. მათ შორის, როგორც ჩარტერული რეისებით მოხალისეების გაგზავნის თვალსაზრისით, ასევე, სამხედრო ტექნიკის მიწოდების, მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და დღემდე ახორციელებს ამ მიმართულებით ქმედებებს და ასევე, იყო თითქმის ყველა რეზოლუციის თანასპონსორი და თანაავტორი, მათ შორის ჰააგის სასამართლოში“, – აღნიშნა მან.
მაია ბითაძის განცხადებითვე, მას ღრმად სწამს, რომ ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა ფუჭი მცდელობაა და რომ, გამორიცხულია საქართველოს მოსახლეობამ კვლავ აიტანოს, მათ შორის, ეთერებიდან ეს ბულინგი, ეს ზიზღი და ყველაზე მთავარი, ამ ქვეყნის სიყვარულის დევალვაცია.
„ჩვენ რასაც ვხედავთ და საქართველოს მოსახლეობა რასაც აკვირდება, არის ის, რომ ეს ადამიანები ცდილობენ ამ ქვეყნის მოქალაქეობა, როგორც სტატუსი, დააკნინონ და დაარწმუნონ საქართველოს მოსახლეობა და მე მათ, პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქე, არასდროს ვაპატიებ, რომ არის სადღაც, ვიღაც უცხოელი, რომელმაც უფრო კარგად იცის, როგორია მშვიდობის ფასი ამ ქვეყანაში და არის სადღაც უცხოელი, რომელმაც უფრო კარგად იცის როგორ დაიცვას ან ტრადიციები, ან როგორ დაიცვას ის გზა, რასაც ევროპული გზა ჰქვია, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და მათ შორის, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების, ელჩების, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ყოველწლიურად მოწონების საგანი იყო.
გავიხსენებ ევროკავშირის ელჩის, ჰერჩინსკის ნათქვამს. მან თქვა, რომ ძალიან კარგი საჯარო ადმინისტრაცია ჰყავს საქართველოს მთავრობასო და ერთი კითხვა მინდა დავსვა, ეს კარგი საჯარო მმართველობა და კარგი ადმინისტრაცია რას ნიშნავს. ანუ, ადმინისტრაცია სწორი მმართველობის და სწორი პოლიტიკური ხედვის გარეშე, რასაც პარლამენტი და მთავრობა მინისტრებისა და დეპუტატების ერთობლიობის ძალისხმევით ახორციელებს, ამ პოლიტიკური ნების გარეშე, რაც არ უნდა კარგი იყოს ადმინისტრაცია და საჯარო მოხელე, ვერანაირ პოლიტიკურ შედეგს, მათ შორის, იმ პოლიტიკურ შედეგს, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება და ასოცირების ხელშეკრულების ყოველწლიურ გეგმებში ჩვენი დადებითი შეფასება ჰქვია, ამას ვერ მიაღწევდა“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.