მაია ბითაძე ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: გამოიკვეთა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მოწოდების სიმაღლეზეა
“რაც უკვე იკვეთება, არის რადიკალების მხრიდან ის რიტორიკა, რომ ისინი ამ საქმის გადაფარვას და გაუფასურებას ცდილობენ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეზე საუბრისას.
მისი თქმით, გამოიკვეთა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მოწოდების სიმაღლეზეა.
„ამ ტურბულენტურ და ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, აბსოლუტურად არ გამოვრიცხავთ და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან თვალსაჩინოა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გარკვეული პროცესები შესაძლებელია საქართველოშიც გადმოეტანათ“, – აღნიშნა ბითაძემ.
სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.