ზელენსკი: უკრაინა სამშვიდობო გეგმას ნოემბრის ბოლომდე მოამზადებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ნოემბრის ბოლომდე იქნება მზად. ამის შესახებ მან იაპონიის სახელმწიფო მაუწყებელ NHK-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებებს უპასუხოს, ვიდრე რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას აგრძელებს.
„პრეზიდენტმა თქვა, რომ კიევი ტერიტორიულ მთლიანობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დეტალურ დისკუსიებს შესაბამის ქვეყნებთან დაიწყებს. მან თქვა, რომ ნოემბრის ბოლომდე შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას მშვიდობის მისაღწევად“, – NHK.
„მოთმინება, მხარდაჭერა და დიპლომატიური ზეწოლა სამი ფაქტორია ომის სამართლიანი დასრულებისთვის. თუ შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ერთიანები დარჩებიან, ეს იქნება დამატებითი ზეწოლა და დაანახებს მოსკოვს, რომ მას არანაირი შანსი არ აქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ თვეში კიევის ოფიციალურ პირებს კონტაქტი ჰქონდათ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის კამპანიებთან.
„ჩვენ კონტაქტში ვიყავით ტრამპის გუნდთან. ტრამპმა მითხრა, რომ ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი კითხვისთვის და რომ მე მაქვს მისი ტელეფონის ნომერი“, – თქვა ზელენსკიმ.