„გვიახლოვდება არჩევნები და უკვე დღეიდან ცდილობენ დაგვარწმუნონ ჩვენ და დაარწმუნონ საკუთარი პატრონები, რომ საქართველოში სწორედ ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას. არადა მხოლოდ ერთ დღეს, 17 მაისს, ქვეყნის ქუჩებში გამოსული იყო ქვეყანაში მცხოვრებ ამომრჩეველთა ლამის ნახევარი. მაგრამ, მათ წარმოსახვებში, ჩვენ მაინც „არ ვარსებობთ”, ჩვენ ხომ „მირაჟი” ვართ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად ფსევდოლიბერალების მცდელობისა გააღვივონ პოლარიზაცია, საქართველო შეძლებს გამოწვევების დაძლევას და სწორი არჩევანის გაკეთებას ღმერთსა და უღმერთოებას, სამშობლოსა და უსამშობლობას, ქართველობასა და არაქართველობას შორის.
„ტრანსჰუმანიზმი, გენდერული სიგიჟე, ნებაყოფლობითი უარი კაცობრიობის შექმნის ბიბლიურ ისტორიაზე, ყველაზე მტკივნეულად აღიქმება სწორედ აქ, საქართველოში, რომლის მთელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიაა დაფუძნებული ბიბლიაზე და იმართება უშუალოდ უფლისა და ღვთისმშობლის მიერ.
„რათა შვილო, რათა” – ისმის ეს გამაოგნებელი შეძახილი მათ მიმართ, რომლებსაც არ სურთ საკუთარ თავშივე უფლის ხატის მსგავსება აღიარონ. კაცობრიობამ გამოიარა კანიბალიზმი, დაამარცხა კლასიკური ფაშიზმი, ებრძვის რასიზმს და ჯერჯერობით მარცხდება ფსევდოლიბერალიზმის წინაშე, თავის ყველაზე ტრადიციულ და ქრისტიანულ სამყაროში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განსაკუთრებით გვტკივა აქ, საქართველოში, რომელიც ამ მარცხს გმირულად უმკლავდება. შემოგდებულია ჩვენთან ძირითადი პოლარიზაცია, რომლის „დაძლევისკენ” მოგვიწოდებენ ამ პოლარიზაციის შემქმნელები – ღმერთსა და უღმერთოებას, სამშობლოსა და უსამშობლობას, ქართველობასა და არაქართველობას შორის.
ოდესღაც ტრადიციულ ქართულ ოჯახებში სატანისტური სიამოვნებით ყოფენ მშობლებსა და შვილებს, დედმამიშვილებსა და მეუღლეებს – რიგშია ბებია/ბაბუებისგან შვილიშვილების მოცილების გეგმა. ძველად ადამიანური მსხვერპლშეწირვის საშინელი ეპოქა, ჩაანაცვლა ბაალისა და ბაფომეტის სასარგებლოდ სულების ნებაყოფლობითი დათმობის ხანამ, სადაც უმეტესობა ამას უნებლიედ აკეთებს ამისკენ ნებსით მოქმედი ლიდერების წაქეზების გამო.
მათი განმასხვავებელი ნიშანია საქართველოს ძირითადი ღერძის – რწმენისა და დედაეკლესიის სრული უგულებელყოფა, დაკნინება, გაშარჟება და უფლისკენ მიმავალი ვიწრო მართლმადიდებლური ბილიკით ცხოვრებისეულ გზაზე გააზრებული უარი. გვიახლოვდება არჩევნები და უკვე დღეიდან ცდილობენ დაგვარწმუნონ ჩვენ და დაარწმუნონ საკუთარი პატრონები, რომ საქართველოში სწორედ ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას. არადა მხოლოდ ერთ დღეს, 17 მაისს, ქვეყნის ქუჩებში გამოსული იყო ქვეყანაში მცხოვრებ ამომრჩეველთა ლამის ნახევარი. მაგრამ, მათ წარმოსახვებში, ჩვენ მაინც „არ ვარსებობთ”, ჩვენ ხომ „მირაჟი” ვართ.
ეს ფეიკ-წარმოსახვები დღეიდან მხოლოდ იმატებს. მათი ამოცანაა ზუსტად იმ სამარცხვინო შოუთი ჩაანაცვლონ 26 ოქტომბერს ქართული „საიდუმლო სერობა”, რომელსაც ჩვენი „ჩამორჩენილობის” და „სიბნელის” გამო, თანამედროვე პროგრესულ ფასეულობად გვისაღებდნენ პარიზში. უმეტესობის მიერ, უნებლიედ მიმდინარეობს ამ ქვეყანაში მამულის, ენისა და სარწმუნოების ერთ გაუთავებელ, „მხიარულ” და „ჰუმანიზმზე” დაფუძნებულ „პრაიდად” ჩანაცვლების პროცესში მონაწილეობის მიღება. მათი იმედი აქვთ ნებსით მოქმედ ე.წ. „პოლიტიკურ” ძალებს.
მათ ვერაფრით დავაიმედებ და ვერაფრით გავახარებ – უფლის დამარცხება ამ ქვეყანაში ვერავინ შეძლო ვერც წარსულში, გამორიცხულია ეს დღესაც, მომავალზე რომ აღარაფერი ვთქვათ. უნებლიედ გზააბნეულებს კი, მხოლოდ ლოცვით თუ დავიბრუნებთ. ნებსით მოქმედ მოწინააღმდეგეზე ეს ქრისტიანული ლმობიერება არ ვრცელდება,” – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.