მთავრობის მეთაურის ნდობის განზომილების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა და 11-წლიანი პროგრესით საუკეთესო ათეულშია
გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ნდობის განზომილების ინდექსის მიხედვით, საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, შეფასების 100%-იანი სისტემით 66,7% მიიღო და მსოფლიოში 34-ე ადგილი დაიკავა.
ნდობის განზომილების ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად განისაზღვრება აღმასრულებელი მეთაურის ძალაუფლების ბაზა საკანონმდებლო ნდობით. 2012 წლის შემდეგ, შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. საქართველოს 2012 წელს ნდობის განზომილების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 74-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 40 ადგილით დაწინაურდა.
2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს და უთანაბრდება დიდი შვიდეულის, NATO-ს და ევროკავშირის წევრ მრავალ სახელმწიფოს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას. კერძოდ, საქართველო რეიტინგში უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, კვიპროსს, სამხრეთ კორეას, სინგაპურს, ხოლო უთანაბრდება ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ბელგია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, საბერძნეთი, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, სლოვენია, უნგრეთი, მალტა, და ა.შ. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4 000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.