გივი მიქანაძე: საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა 121-მა ორგანიზაციამ, მათგან მხოლოდ 21 ორგანიზაციას აქვს დაცული მინიმალური სტანდარტი

????????????????????????????????????

„საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა 121-მა ორგანიზაციამ, ჩვენი კვლევის ფარგლებში და მათგან მხოლოდ 21 ორგანიზაციას, ეს არის 17%, აქვს დაცული ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამჭვირვალობასა და ინფორმაციის მოძიებასთან და ხელმისაწვდომობასთან არის დაკავშირებული”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რა სავალალო მდგომარეობაა ამ სექტორში და რამდენად გაუმჭვირვალეა.

„მოგეხსენებათ, რომ გასულ კვირას არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც ისინი აყენებენ საკითხს, რომ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან.

გამომდინარე იქიდან, რომ ახლა უკვე სამართლებრივ ჭრილში გადავიდა ეს საკითხი ჩვენ დავინტერესდით თუ ვინ არიან ეს ორგანიზაციები და ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია იმაზე, რომ კანონი გაუქმებული იყოს, ამ ორგანიზაციების გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის რამდენად არის წარმოდგენილი.

სწორედ ამ კონტექსტში ჩვენ ჩავატარეთ იგივე საბაზისო პარამეტრების გამოყენებით 122 ორგანიზაციის კვლევა, რომლებმაც საკონსტიტუციო სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ 122 ორგანიზაციიდან ერთი ორგანიზაცია ეს არის ტელეკომპანია, რომელიც მარეგულირებელი კომისიის პასუხისმგებლობის ფორმატში ჯდება და ამიტომ ჩვენ ამ კომპანიასთან დაკავშირებული საკითხები არ შეგვისწავლია კვლევის ფარგლებში და 121 ორგანიზაცია შევისწავლეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ 121 ორგანიზაციიდან 34 არის ის ორგანიზაცია, რომელსაც 8 აპრილის განცხადებაზე ხელი არ მოუწერია, ხოლო 87 ეს არის იმ 474 ორგანიზაციიდან, რომელმაც 8 აპრილის განცხადებას ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ ის საბაზისო კრიტერიუმები, რომლითაც ჩვენ ვიხელმძღვანელეთ კვლავაც იგივე დარჩა, რაც წინა კვლევაში. ანუ, ვებ-გვერდთან დაკავშირებული საკითხები, დონორის მითითება, პროექტის დასახელება, პროექტის ვადები, გრანტის ოდენობა, გუნდი, რომელიც ახორციელებს ამ პროექტს და წარმოადგენს ორგანიზაციას და რა თქმა უნდა წლიური ანგარიში.

წარმოგიდგენთ შედეგებს და კონკრეტული ორგანიზაციების მაგალითებიც გვინდა მოგიყვანოთ, რომ საზოგადოებისთვის უფრო ცხადი და ნათელი იყოს იმის შესახებ, თუ რაზე გვაქვს საუბარი.

დავიწყოთ ოფიციალური ვებ-გვერდით. ჩვენ ვხედავთ, რომ 22 პროცენტთან მიმართებაში ეს კვლავაც პრობლემაა. ეს არის 27 ორგანიზაცია. ოღონდ, აქ უნდა გავაკეთოთ ერთგვარი გაყოფა. 18 ორგანიზაციას საერთოდ არ აქვს ვებ-გვერდი, ხოლო 9 ორგანიზაციას აქვს ვებ-გვერდის მისამართი, დომეინი, მაგრამ მასზე შესვლით ჩვენ ვერსად ვხვდებით. მათ შორისაა მაგალითად, ბათუ ქუთელიას და დავით სიხარულიძის ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭო“.

რაც შეეხება პროექტის დასახელებას. აქ 37 ორგანიზაციაა, რომლებსაც პროექტის დასახელება არ აქვთ. ეს არის 31 პროცენტი. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ამ ორგანიზაციებს: ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანეები“, „მთის თემი“, „ერთიანობა კავკასიის აპოლიტიკური აკადემია.

ანალოგიურად ჩვენ შევისწავლეთ დონორების მითითების კონტექსტში რა მდგომარეობა გვაქვს და აქ 38 ორგანიზაციას, ისევ 31 პროცენტს, დონორი კვლავაც არ აქვს მითითებული. ამ ორგანიზაციების კონტექსტში მაგალითისთვის გვინდა დაგისახელოთ გაზეთი „ბათუმელები“, აქვე „ნეტგაზეთიც“ უნდა ვახსენოთ იმიტომ, რომ იცით, რომ „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ ერთი მენეჯმენტის კონტექსტში არის. ასევე, „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ და „ჰოუმ“ -ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარების ეკოსისტემა.

გადავიდეთ შემდეგ კომპონენტზე. ეს არის პროექტის/გრანტის ვადა. ამ მოცემულობაში უკვე ორგანიზაციათა მოცულობა უფრო მეტია, ვისაც არ აქვს მითითებული. ეს არის 55 ორგანიზაცია. ანუ, 121 ორგანიზაციის 45 პროცენტი. და აქ მაგალითისათვის გვინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ორგანიზაცია. ეს არის „ევროპულ-ქართულ ინსტიტუტი“, ეს არის „ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი“, ეს არის „საქართველოს გაეროს ასოციაცია“.

ყოველთვის, ერთ-ერთ მთავარ ინტერესს წარმოადგენს ინფორმაცია იმის შესახებ, გრანტის ოდენობა როგორი არის და აქ შედეგები კიდევ უფრო სავალალოა. 65 პროცენტს ორგანიზაციებისას, არ აქვს მითითებული გრანტის ოდენობა. მათ შორის უნდა გამოვყოთ ისეთი მაგალითები, როგორიცაა „სამოქალაქო იდეა, სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული ევროატლანტიკური არჩევანისთვის“, „მწვანე პოლუსი“, „პუბლიკა“.

აქვე მინდა, თქვენი ყურადღება გავაჩერო იმასთან დაკავშირებით, რომ რიგ ორგანიზაციებს ძალიან ბუნდოვანი ინფორმაცია აქვს დონორებისა და გრანტების თაობაზე. მათ აქვთ მითითებული ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ, მაგრამ მიმდინარე პროექტებზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. ასეთი ორგანიზაცია არის მაგალითად, საქართველოს კვლევების ასოციაცია „გრასის“ სახელით წოდებული, რომელსაც უფიქსირდება არაერთი პროექტი, მისი დონორი, პროექტის დასახელება, ვადები, თანხის ოდენობა, მაგრამ თუკი თქვენ მათ ვებ-გვერდზე შეხვალთ, ნახავთ, რომ არც ერთი მიმდინარე პროექტი მათ არ აქვთ. მაშინ, როდესაც მათივე განცხადებებით, მათივე პოზიციონირებით იკვეთება, რომ კონკრეტულ აქტივობებში ისინი კვლავაც ჩართული არიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ ორგანიზაციებს ინფორმაციები არ აქვთ განახლებული და სრულ გამჭვირვალობაზე და იმ მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილებაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ აქ მხოლოდ და მხოლოდ ნაწილობრივი ინფორმაცია არის მითითებული.

შემდეგი კომპონენტი ეს არის ორგანიზაციის გუნდი, რომელზეც, როგორც გითხარით, სხვათა შორის „გრასის“ შვილობილმა ორგანიზაციამ „ფაქტ ჩეკმა“ განაცხადა იმის თაობაზე, რომ თურმე კონფიდენციალური ინფორმაცია ყოფილა ენჯეოებში დასაქმებულ პირთა სამუშაო ადგილი, 34%-ს ამ 121 ორგანიზაციიდან, ანუ ეს არის 41 ორგანიზაცია, გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს მითითებული. ასეთი ორგანიზაციების მაგალითად შეგვიძლია წარმოგიდგინოთ ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“, „სოვა ნიუსი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“.

ბოლო კომპონენტი, რომელიც ჩვენი კვლევის ნაწილს წარმოადგენს, ეს არის წლიური ანგარიშის კომპონენტი, რომელიც ფიქსირდება, რომ 95 ორგანიზაციას, ანუ 121 მოსარჩელე ორგანიზაციიდან 79%-ს წლიური ანგარიში ვებგვერდზე განთავსებული არ აქვს. ასეთ ორგანიზაციებს შორის, მაგალითად, შეგვიძლია, დაგისახელოთ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, იგივე „სოროსის ფონდი“, ყველასათვის ცნობილი „თბილისი პრაიდი“, „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“.

აქვე უნდა გითხრათ, რომ რიგ დონორ ორგანიზაციებთან მიმართებაში, ინფორმაცია არის ისე წარმოდგენილი, რომ დაინტერესებული პირისთვის გაუგებარი არის ეს ინფორმაცია რამდენად მიმდინარეა, თუ ეს წარსულ დონორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც ვებ-გვერდზე შევდივართ და ინფორმაციას მოვიძიებთ, იქ მითითებული არის არაერთი დონორი ორგანიზაცია, მათი ლოგოები, თუმცა ნათლად არ ჩანს, ეს ორგანიზაციები ამჟამად აფინანსებენ ამ კონკრეტულ ორგანიზაციას და პროექტებს, თუ ეს იყო წარსულში, წლების უკან. ამიტომ აქაც გარკვეული ინფორმაციის ბუნდოვანებას აქვს ადგილი.

საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა 121-მა ორგანიზაციამ, ჩვენი კვლევის ფარგლებში და მათგან მხოლოდ 21 ორგანიზაციას, ეს არის 17%, აქვს დაცული ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამჭვირვალობასა და ინფორმაციის მოძიებასთან და ხელმისაწვდომობასთან არის დაკავშირებული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა სავალალო მდგომარეობა არის ამ სექტორში, რამდენად გაუმჭვირვალე არის ეს სექტორი და ასევე საზოგადოებისთვის, ალბათ, დამაფიქრებელი უნდა იყოს ვინ არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელით, უკვე სამართლებრივი გზით, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ კანონის გაუქმებაზე, რომელთან მიმართებაშიც ისინი აბსოლუტურად არც გამჭვირვალე არიან და საზოგადოების წინაშე მათ ანგარიშგების არანაირი სურვილი და წინგადადგმული ნაბიჯი არ აქვთ.

ნებისმიერი ინფორმაცია, ამ კვლევასთან დაკავშირებით, თქვენ კვლავაც შეგიძლიათ, მოიძიოთ ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების“ Facebook გვერდზე, სადაც თითოეულ ორგანიზაციასთან მიმართებაში შვიდივე კომპონენტიდან გამომდინარე არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია და ამ ბრიფინგის პარალელურად, ეს ინფორმაცია უკვე Facebook გვერდზე აიტვირთა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე იხილეთ