„საზოგადოება სულ უფრო მეტად ინტერესდება საქმით, ვინაიდან ტერორისტული აქტის მოწყობა „ქართული ოცნების“ პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარეზე, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იგი სუს-ში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
„ვხედავთ, რომ ფიგურანტთა რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება და სულ უფრო ფართოვდება ის წრე, ვინც ამ უმძიმესი მუხლით მიმდინარე დანაშაულში სხვადასხვა სტატუსით ფიგურირებს. შესაბამისად, საზოგადოება სულ უფრო მეტად ინტერესდება ამ საქმით, ვინაიდან ტერორისტული აქტის მოწყობა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამ ფიგურანტების რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე ჩვენ ვხედავთ დანაშაულის მასშტაბურობასაც. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი ფაქტი გახდება ცნობილი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.