მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრაზე: ეს შეხვედრა არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან გვქონდეს კომუნიკაცია
„ეს შეხვედრა არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან გვქონდეს კომუნიკაცია და დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავსვათ საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„უნგრეთის თავმჯდომარეობა მასპინძლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტებს. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებაში მონაწილეობს ყველა კანდიდატი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც.
როგორც ხედავთ გაფართოება არის დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხი და სწორედ ამ საკითხზე იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსჯელობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ შეუფერხებლად მოხდეს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმართვა, ეს გზავნილი გაჟღერდეს და ამისთვის გამოვიყენებთ ამ პლატფორმას.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რომ მარტივი პროცესი არ არის, ამის დასტურია სწორედ იმ ათწლეულების გამოცდილება, რაც ევროკავშირის გაფართოების პროცესს ახლავს თან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ წარსული გამოცდილებების გათვალისწინებით და არა მხოლოდ ამით, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელ რეალობაშიც დღეს საქართველოს უწევს სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ბრძოლა. ამ გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ახალი რეალობის გაცნობიერება და ევროკავშირის გაფართოების პროცესის წარმართვა.
მთავარია, რომ სწორად შეფასდეს ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველო, რის წინაშეც დგას ევროპა და ამ გამოწვევებთან გამკლავების გზები ვეძებოთ ერთად. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის საერთო მიზანი და მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე დაუყოვნებლივ დავიწყოთ დიალოგი და მოლაპარაკებები“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.